რეკლამა

საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 40 მილიონი ევროს მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. სესხი განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის. მოზიდული ფინანსური რესურსი მოხმარდება კერძო სექტორის განვითარებაზე მიმართულ ისეთ პროექტებს, როგორიც არის სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, კლიმატის ცვლილების თავიდან აცილება ან ადაპტაცია, ყოველივე კი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასა და შენარჩუნებას.

„მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალი და EIB-ის მთავარი ფოკუსია. ხსენებული დაფინანსება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, იმდენად რამდენადაც მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებაზე, მის გარდაქმნაზე ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კატალიზატორად და საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტის, ვაჭრობისა და სხვა ეკონომიკური აქტივობის გაზრდაზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ბანკის პროფესიონალიზმს, რაც მას ხდის არაჩვეულებრივ პარტნიორად EIB-სთვის საქართველოში“, - განაცხადა EIB-ის ვიცეპრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერმა. 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის თქმით კი, "მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას EIB-სთან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც იზრდება საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ევროკავშირთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ევროს გავლენა ლარზე მნიშვნელოვნად გაზრდილია ბოლო წლების განმავლობაში და ლარი ეფექტურად ხდება უფრო მიახლოებული ევროსთან, რის შედეგადაც ჩვენ ახლა ფოკუსირებული ვართ დაფინანსების მოზიდვაზე ევროში. 40 მილიონი ევროს მოცულობის სესხი, რომელიც გამიზნულია ჩვენი მომხმარებლებისთვის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორიდან, შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გვზარდოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობა ხსენებულ სექტორში და მხარი დავუჭიროთ სექტორის ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას". 

კომენტარები