სამთავრობო ცვლილებები

სპორტის მინისტრად ღარიბაშვილმა ტარიელ ხაჩიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტის ტარიელ ხიჩიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, "ბატონი ტარიელი წლების განმავლობაში იყო ქართული სპორტის ქომაგი".

"ის არის პროფესიით სამართალმცოდნე. დღემდე იყო ერთ-ერთი უმსხვილესი და ძალიან წარმატებული საავტომობილო ჰოლდინგის იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტი, დამფუძნებელი. მისი ბიოგრაფიის დიდი ნაწილი სწორედ სპორტულ სამყაროს უკავშირდება. მისი თაოსნობით შეიქმნა სპორტული მუზეუმი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან აღადგინა ეს მუზეუმი, განადგურების პირას მყოფი ექსპონატები და ბატონი ტარიელი წლების განმავლობაში იყო სწორედ ჩვენი სპორტის, ქართული სპორტის ქომაგი. მას ძალიან დიდი ქვემოქმედება აქვს გაწეული. იყო რაგბის, ჩოგბურთის, ჭიდაობის, ძალოსნობის აქტიური მხარდამჭერი. ასევე, გახლავთ საფეხბურთო კლუბ საბურთალოს დამფუძნებელი, რომელმაც მოკლე დროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. იგი არის ძლიერი მენეჯერი და ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის სამთავრობო კომისიის წევრიც და ამავე დროს, შვიდი შვილის მამა. მე მას ვუსურვებ წარმატებას და მჯერა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ქართული სპორტის გასაძლიერებლად", - განაცხადა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა და პარლამენტს მოუწოდა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოუცხადოს ნდობა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას.

კომენტარები