სამთავრობო ცვლილებები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი არ მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი 2001 წელს აცხადებდა, რომ აფხაზები თავად გადაწყვეტენ, რუსული ორიენტაციით ურჩევნიათ ყოფნა თუ ქართულით. ის ასევე არ მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ამის შესახებ ხიდაშელმა 2001 წელს სოჭში, ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე - "სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდობო პროცესის სტრატეგია", სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელ ბათალ კობახიასთან დიალოგში თქვა.

"მე ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას და არ ვაპირებ არსად წასვლას. მაგრამ მინდა, ვიბრძოლო იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორშიც მე მინდა, რომ იცხოვრონ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. ვიმეორებ, აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე - ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა. და მჯერა, მაშინ კონფლიქტი გადაწყდება. არ ვიცი, როგორ გადაწყდება, ვიცხოვრებთ სხვადასხვა ქვეყნებში თუ არა, მაგრამ აფხაზები, ალბათ თავად გადაწყვეტენ, როგორ და ვისთან ურჩევნიათ ყოფნა. რუსული ორიენტაციით, ქართული თუ რამე სხვა ორიენტაციით...", - თქვა თავისი გამოსვლისას ხიდაშელმა. 

სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელმა ბათალ კობახიამ ხიდაშელს უთხრა, რომ "ჩვენ სულ ვსაუბრობთ საქართველოზე და არასოდეს აფხაზეთზე. იმიტომ, რომ როდესაც აფხაზეთზე საუბრობთ, მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევთ, ამიტომაც ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოზე". რაზეც ხიდაშელმა უპასუხა, რომ "ბათალ, არ ვგულისხმობ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია".

ამის გარდა, გასული წლის აგვისტოში თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ აფხაზეთის არცერთი ე.წ. ხელისუფლება არცერთხელ მარიონეტად არ მოუხსენებია და არც აპირებს. ტაბულას კითხვაზე, რამდენად სწორია საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტ პრეზიდენტთან საუბარი, ხიდაშელმა უპასუხა, რომ "მარიონეტის ძახილი არავის ღირსებას არ სძენს". მისი თქმით, "ხუთი კაცის ლიდერიც რომ იყოს [რაულ ხაჯიმბა], იმ ხუთი კაცის ლიდერია და, შესაბამისად, არ იმსახურებს ასეთ ტერმინებს. მეორე, რაულ ხაჯიმბა იმ არჩევნებში და ისეთ არჩევნებში, როგორიც იქ ჩატარდა, რომელიც არ არის კონსტიტუციური და ლეგიტიმური - არც საერთაშორისო სამართლისთვის და არც არანაირი კონსტიტუციური სამართლისთვის, იმ პირობებში, იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც იქ არის, გამოდევნილი მოსახლეობის უმრავლესობის და ოკუპაციის გათვალისწინებით, არის არჩეული ლიდერი. ქართულ სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, აირჩიოს, ვის ელაპარაკოს აფხაზურ მხარეს. ქართული სახელმწიფო უნდა ელაპარაკოს იმათ, ვისაც იმ ფორმის და იმ ტიპის ლეგიტიმაცია აქვს, რაც დღეს მიიღო რაულ ხაჯიმბამ".

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად დღეს დაასახელა.

კომენტარები