სამთავრობო ცვლილებები

სუბარი: პრეზიდენტის არგუმენტების არ მესმის

სოზარ სუბარი
Georgian Times

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატ სოზარ სუბარს ახალი მთავრობის შემადგენლობაზე ხელმოწერის გადადებაზე პრეზიდენტის არგუმენტები არ ესმის. მისი თქმით, უფლებამოსილება არ უნდა გამოიყენო ისე, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანო მთავრობის მუშაობაში.

"როდესაც შეთანხმება უკვე არსებობდა და როდესაც პრეზიდენტმა იცოდა ძალიან კარგად, თუ რა მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო დაგეგმილი, მას ძალიან დაჩქარებული წესით უნდა გაეგზავნა თავისი წინადადება პარლამენტში, რომ ხელი არ შეშლოდა ამ შეხვედრებს და არ მომხდარიყო მათი გადადების აუცილებლობა. პრეზიდენტს ჰქონდა კონსტიტუციით უფლება, თუმცა, მისი არგუმენტების მე არ მესმის არაფერი, იმიტომ, რომ როდესაც პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა ერთად არის ჩამოყალიბებული შემადგენლობაზე, მაშინ ნამდვილად არ მესმის, რატომ უნდა მომხდარიყო ამის გადადება ერთი კვირით. ისევ და ისევ უფლებამოსილების არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს უფლებამოსილება გამოიყენო ისე, რომ გარკვეული ცვლილებები შეიტანო მთავრობის მუშაობაში", - თქვა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავდაცვის, გარემოს დაცვის, სპორტის მინისტრობის კანდიდატებად თინა ხიდაშელი, გიგლა აგულაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი თქმით, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიიღოს.

კომენტარები