სამთავრობო ცვლილებები

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრების დანიშვნების შესახებ ბრძანებები გამოსცა

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრების დანიშვნების შესახებ ბრძანებები გამოსცა. ბრძანებები თინა ხიდაშელის, გიგლა აგულაშვილის და ტარიელ ხეჩიკაშვილის მინისტრებად დანიშვნის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობაზე ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. შესაბამისად, მინიმუმ, ერთი კვირა მთავრობას პარლამენტის ნდობა არ ექნება.

საქართველოს კონსტიტუციის 81-ე პრიმა მუხლის თანახმად, პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას. საქართველოს პარლამენტი კი ვალდებულია, 7 დღის ვადაში განიხილოს მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის მინიჭების კუთხით. 

თუ პარლამენტი არ დაეთანხმება მთავრობის შემადგენლობას, ამ შემთხვევაში ამუშავდება კონსტიტუციით გაწერილი ნორმები. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, "თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, საქართველოს პრეზიდენტი 5 დღის ვადაში წამოაყენებს პრემიერმინისტრის ახალ კანდიდატურას ან პარლამენტის თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერმინისტრს, ხოლო პრემიერმინისტრი, ასევე, 5 დღის ვადაში დანიშნავს მინისტრებს საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების მიმდინარეობისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა".

 

კომენტარები