ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ბუბა კუდავა ცენტრის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გათავისუფლებული დირექტორი ბუბა კუდავა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ცენტრის დირექტორის კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ კუდავამ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ცენტრის მხარდამჭერები და თანამშრომლები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ბუბა კუდავას პოლიტიკური მოტივით დევნაზე საუბრობენ. მათი მტკიცებით, კუდავა ცენტრის შენობის გასხვისებისა და ლაილაშის ბიბლიის ისრაელისთვის გადაცემის საკითხზე გამოხატული პროტესტის გამო გაათავისუფლეს. ცენტრის თანამშრომლებმა განათლების მინისტრის სახელზე მიმართვა მოამზადეს, რომელშიც მასთან სრული შემადგენლობით შეხვედრას ითხოვენ.

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა განათლების მინისტრმა. თამარ სანიკიძე პროტესტის მიზეზად ცენტრში აუდიტის სამსახურის შესვლას ასახელებს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა. ცენტრის თანამშრომლები ბუბა კუდავას გადაყენებას აპროტესტებენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი დაბალი ხელფასებიცაა. IDFI-ის ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მძღოლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობრივ სარგოს. ასევე, NAEC-ში დასაქმებული დამლაგებლის, მეეზოვის, მებაღის თუ დამხმარე მუშის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოები დაახლოებით ორჯერ აღემატება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა თუ მეცნიერ-თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოს.

სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც შტატით გათვალისწინებულია 113 თანამშრომელი, მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო (დირექტორის ანაზღაურება) შეადგენს 490 ლარს (ხელზე 392 ლარი), ხოლო მინიმალური - 175 ლარს, საშუალო ხელფასი შეადგენს 300 ლარს.

კომენტარები