ვენესუელის ეკონომიკა

ვენესუელა საკვების დისტრიბუციის სისტემის ნაციონალიზაციას გეგმავს

ცარიელი სუპერმარკეტი ვენესუელაში
Forbes.com

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ პირველ მაისს, მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, მოსახლეობას დაპირება მისცა, რომ ქვეყანაში არსებულ დეფიციტებს საკვების დისტრიბუციის სისტემის ნაციონალიზაციით აღმოფხვრის. ვენესუელაში უკვე წლებია, რაც მთელ რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, ხორცი, კვერცხი, დეფიციტი შეინიშნება. 

პირველ მაისს ნიკოლას მადურო საჯარო სექტორში დასაქმებულებს ხელფასების 30%-ით ზრდასაც დაჰპირდა, თუმცა ქვეყანაში 68%-იანი ინფლაციის ფონზე, ხელფასების ერთი მესამედით ზრდა მნიშვნელოვან შეღავათს არ წარმოადგენს. 

სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის მიზეზი საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ბარიერებია, რომელთა გამოც ქვეყნის კერძო სექტორი ბაზარს სათანადო რაოდენობის პროდუქციით ვერ ამარაგებს. ვენესუელაში ისეთი პროდუქტების დეფიციტიც კი არსებობს, როგორიც ტუალეტის ქაღალდი და პრეზერვატივია. 

CNN-ის ცნობით, ვენესუელაში ერთი შეკვრა პრეზერვატივი $755 ღირს, რაც საშუალო ვენესუელელი მშრომელის ერთი თვის ხელფასს აღემატება. 2014 წლის ივნისში ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა, რომ ქვეყანაში პრეზერვატივების ახალი ქარხანა გაიხსნება, რაც ბაზარზე არსებულ დეფიციტს დააბალანსებს. 

ვენესუელის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება წლების მანძილზე წარმოებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირებას უკავშირდება, რის გამოც ნავთობის ექსპორტისგან მიღებული სავალუტო შემოდინებები შემცირებულია.

კომენტარები