ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ თბილისის მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირების კამპანიას იწყებს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თბილისის მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირების კამპანიას იწყებს. როგორც დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ განაცხადეს, თბილისის მერი ვერ ახერხებს, სწორად ფოკუსირდეს რეალურ პრობლემებზე, რაც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, გახდნენ მოსახლეობის ლობისტები - პრობლემები მიიტანონ ქალაქის მთავრობამდე და აიძულონ მათი მოგვარება. საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ისინი თბილისის ყველა უბანში გამართავენ შეხვედრებს და მიიღებენ მოქალაქეების განცხადებებს.

"გაუარესებული სოციალური მდგომარეობის და ადამიანების საცხოვრებელი პირობების ფონზე, დავით ნარმანია ამცირებს სოციალურ დახმარებებს და კომუნალურ ვაუჩერს, უმუშევრობის მწვავე პრობლემის ფონზე, ის ანახევრებს იაფი სესხის პროგრამას, რომელიც მეწარმეებისათვის რეალური ხელშეწყობის მექანიზმი იყო, ინფრასტრუქტურული პრობლემების კვალდაკვალ, ის ვერ ახერხებს ელემენტარული საგზაო პრობლემების მოგვარებას; ის 4 მილიონი ლარით ამცირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის გამოყოფილ დაფინანსებას და ამ ყველაფრის პარალელურად, ის ზრდის ბიუროკრატიას, თბილისის მერიაში დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობას, ქმნის ახალ უწყებებს საკუთარი ნათესავების და მეგობრების დასასაქმებლად. ჩვენ თავად მივალთ მოსახლეობასთან, ვუმასპინძლებთ მათ რაიონული ორგანიზაციების ოფისებში, მივიღებთ მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის და ცხელი ხაზის მეშვეობით და ამ ყველაფერზე რეაგირებას ჩვენ თავად მოვთხოვთ დავით ნარმანიას", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, განცხადებების მიღებას დღეიდან, რაიონების მიხედვით დაიწყებენ.

"ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ პრობლემები, სჭირდებათ კონტაქტი და ეს კონტაქტი მათ არ აქვთ. ჩვენ ყველა უბანში, ყველა რაიონში გავმართავთ შეხვედრებს, მივიღებთ განცხადებებს მოქალაქეებისგან და შევეცდებით, რომ ამ პრობლემების გადაჭრის გზები ვასწავლოთ, სამართლებრივად განვუმარტოთ, რა არის საჭირო, მთავრობა ვაიძულოთ, რომ გადაუწყვიტოს ეს პრობლემები მოქალაქეებს", - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.

კომენტარები