სამთავრობო ცვლილებები

პარლამენტის ბიურო რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი

დღეს, 18.00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ბიურო პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე იმსჯელებს. 

არსებული ინფორმაციით, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 7-8 მაისს მოუსმენენ და დაამტკიცებენ, ამისთვის კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევაა საჭირო, რომელიც პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს. 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა.

განახლებული სიით, მხოლოდ 3 მინისტრი - გარემოს დაცვის, თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის უწყებების ხელმძღვანელები იცვლებიან. ამ პოსტებზე შესაბამისად გიგლა აგულაშვილი, თინა ხიდაშელი და ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან წარდგენილი.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 1 მაისს გადაუგზავნა, თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და ხელმოწერა ერთი კვირით გადადო. მისი მოსაზრებით, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიეღო.

კომენტარები