სამთავრობო ცვლილებები

უსუფაშვილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით მიმართა

primetimenews.ge

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნა, რომ 8 მაისს 13:00 საათზე რიგგარეშე სხდომა დანიშნოს.

სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. თუმცა, მანამდე გიგლა აგულაშვილსა და თინა ხიდაშელს დეპუტატის უფლებამოსილებებს შეუჩერებენ.

დავით უსუფაშვილის თქმით, ამავე სხდომაზე განიხილავენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კანონპროექტს, რადგან, მისი განმარტებით, ამ კანონის დაჩქარებით მიღება მთავრობის თხოვნაა.

ხვალ კი, პარლამენტში 13:00 საათიდან მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ხვალ 17:00 საათიდან განახლებული მთავრობის წევრები საპარლამენტო უმცირესობას შეხვდებიან. სხდომას პრემიერმინისტრი გაუძღვება. 19:00 საათზე კი, თავისუფალ დემოკრატებს შეხვდებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს დღეს წარუდგინა.

განახლებული სიით, მხოლოდ 3 მინისტრი - გარემოს დაცვის, თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის უწყებების ხელმძღვანელები იცვლებიან. ამ პოსტებზე შესაბამისად გიგლა აგულაშვილი, თინა ხიდაშელი და ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან წარდგენილი.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 1 მაისს გადაუგზავნა, თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და ხელმოწერა გადადო. მისი მოსაზრებით, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიეღო.

კომენტარები