სამთავრობო ცვლილებები

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი

დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. დაგეგმილია კომიტეტებში სიტყვით გამოსვლა, ასევე ცალ-ცალკე შეხვედრა უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და ფრაქცია თავისფალ დემოკრატებთან.

13:00-ზე, ქუთაისში იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, ასევე, თავდაცვის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების სხდომა გაიმართება, სადაც მოუსმენენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების, დევნილთა მინისტრობის კანდიდატებს, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს.

15:00-ზე, პარლამენტში სამი სხდომა გაიმართება. დარგობრივი ეკონომიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკის და გარემოს დაცვის კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორის კომიტეტი კი, საგარეო, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს. რაც შეეხება განათლების, ჯანდაცვის და სპორტის მინისტრობის კანდიდატებს, მათ განათლების, მეცნიერების და კულტურის, ასევე სპორტის და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ. 

17:00-ზე, მინისტრობის კანდიდატები უმცირესობასთან გამართავენ შეხვედრას. შეხვედრა, რომელსაც პრემიერი გაუძღვება, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

19:00-ზე ფრაქცია თავისუფალი დემოკატები მოუსმენენ მთავრობას. მისი დასრულების შემდეგ კი, საპარლამენტო უმრავლესობა შეხვდება მინისტრობის კანდიდატებს.

დღეს დაგეგმილი ყველა მოსმენის შემდეგ, პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს მიმართვა უკვე გაუგზავნა, რომ 8 მაისს 13:00 საათზე რიგგარეშე სხდომა დანიშნოს. სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. თუმცა, მანამდე გიგლა აგულაშვილსა და თინა ხიდაშელს დეპუტატის უფლებამოსილებებს შეუჩერებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნდობის მისაღებად საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს გუშინ წარუდგინა.

განახლებული სიით, მხოლოდ 3 მინისტრი - გარემოს დაცვის, თავდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის უწყებების ხელმძღვანელები იცვლებიან. ამ პოსტებზე შესაბამისად გიგლა აგულაშვილი, თინა ხიდაშელი და ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან წარდგენილი.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 1 მაისს გადაუგზავნა, თუმცა, მაშინ გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და ხელმოწერა გადადო. მისი მოსაზრებით, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაბალანსებული გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში უნდა მიეღო.

კომენტარები