ან ბრასორის ვიზიტი საქართველოში

ბრასორი: უნდა ვიპოვოთ საერთო გზა, რომ ძალადობა გამოსავალი არ გახდეს

დავით უსუფაშვილი და ან ბრასორი
facebook.com/DavidUsupashviliOfficial

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეშფოთება გამოთქვა იმ ე.წ. ხელშეკრულების გამო, რომელიც რუსეთმა სოხუმსა და ცხინვალთან გააფორმა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ შეასრულა საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების ყველა პირობა მაშინ, როდესაც რუსეთი კვლავ არღვევს საკვანძო დებულებათა უმრავლესობას. ამ ვითარების ფონზე, პრემიერმა თხოვნით მიმართა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება და მოუწოდოს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დავით უსუფაშვილსაც შეხვდა. მათ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციაზე, ასევე იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებსაც საქართველო ევროსაბჭოს დახმარებით ახორციელებს. უსუფაშვილის თქმით, ან ბრასორის ვიზიტი საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის ურთიერთობის გაღრმავების გამოხატულებაა. ან ბრასორი კი, თავის მხრივ, რეფორმებისა და რეგიონში არსებული პრობლემების გარდა, ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო.

"ჩვენ უნდა ვიპოვოთ საერთო გზა, რომ ძალადობა არასდროს გამოსავალი არ გახდეს. რთულია, მაგრამ ჩვენი მხრიდან უნდა გავაგრძელოთ საპარლამენტო დიპლომატიური გზების ძიება. მაშინ, როცა რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება შეუჩერდა, მათ გადაწყვიტეს, ჩვენთან არ იმუშაონ. ჩვენი მათი უფლებები არ შეგვიწყვეტია, ისინი მაინც ჩვენი წევრები არიან, რადგან გვინდა, გავაგრძელოთ მათთან ურთიერთობა, გვქონდეს მათთან დიალოგი, ვიპოვოთ საშუალება, ვილაპარაკოთ მათთან, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა არის ზუსტად ის პრინციპი, რაზეც ჩვენ ძალიან მტკიცედ უნდა ვიდგეთ. არავის აქვს უფლება, ძალდატანებით და ძალადობრივად ეს პრინციპი შეცვლოს. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთს", - თქვა ბრასორმა.

შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპის საბჭოს წარამომადგენელთან პოლიტიკური მოტივით დევნასა და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისებაზე ისაუბრა. თავისუფალმა დემოკრატებმა კი, ქვეყანაში გასატარებელ რეფორმებზე გაამახვილეს ყურადღება.

ან ბრასორი დღესვე წეროვანში გაემგზავრება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას მოინახულებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთშიც ჩავა.

კომენტარები