წვევამდელების წამება

წვევამდელების წამებაში ბრალდებულ შსს-ს თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

სამი წვევამდელის წამებაში ბრალდებულ შს სამინისტროს თანამშრომლებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურის ინფორმაციით, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის საგუშაგოზე მივლინებულმა წვევამდელებმა - გ. გ.-მ, ზ. ნ.-მ და ა.თ.- მ, 2014 წლის ივლისში, თვითნებურად, დროებით დატოვეს საგუშაგო, რისთვისაც მათი დაშინებისა და დასჯის მიზნით, ოცეულის მეთაურმა - შ. ს.-მ, ათეულის მეთაურმა - პ.ხ.-მ და ათეულის სერჟანტმა - ლ.ქ.-მ, ისარგებლეს რა სამსახურებრივი მდგომარეობით, წვევამდელები ჩაიყვანეს ყაზარმის სარდაფში, სადაც ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცემეს ხელებით და ფეხებით, დააყენეს მუხლებზე, რა დროსაც შ.ს.-მ საქამრიდან ამოიღო მასზედ განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით. წვევამდელების ცემა, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა გრძელდებოდა დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დადგენილი წესის უგულებელყოფით, შს სამინისტროს თანამშრომლებმა დაზარალებულები აიძულეს, ჯარისკაცის სრული აღჭურვილობით (იწონის 25 კგ-ს), დაახლოებით 24 საათის განმავლობაში შეუცვლელად მდგარიყვნენ საგუშაგოზე. ორმა დაზარალებულმა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას ვერ გაუძლო, რის შედეგადაც კვლავ თვითნებურად მიატოვეს საგუშაგოს ტერიტორია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა", „ბ", „დ" და „ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც სასჯელის სახით განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 9-დან 15 წლამდე ვადით.

 

კომენტარები