17 მაისი

იდენტობა: 17 მაისს აქციის ჩასატარებლად უსაფრთხოების გარანტიები ვერ მივიღეთ

ორგანიზაცია იდენტობას განცხადებით, ლგბტ ადამიანები ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საჯაროდ წელსაც ვერ აღნიშნავენ. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, იდენტობამ სახელმწიფოსგან აქციის ჩასატარებლად უსაფრთხოების გარანტიები ვერ მიიღო.

"17 მაისს, 2012 წლიდან, საქართველოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ლგბტ ადამიანთათვის საჯაროდ გამოჩენის აკრძალვის დღეა.
ყოველ წელს, 17 მაისის მოახლოება გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ რადიკალური ჯგუფებიდან და მართლმადიდებელი ეკლესიიდან მომდინარე აგრესიასა და შეურაცხყოფას, მუქარასა და დამცირებას. სახელმწიფო კი, ყოველდღე შორდება საერო მმართველობის პრინციპებს და მზარდად ექცევა მადაგაძლიერებული მოძალადე ინსტიტუციის – მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის ქვეშ.

ქუჩა, ოჯახი და სამსახური ლგბტ ადამიანების ჩაგვრის ადგილებია, ხოლო იდენტობა, რომელიც ამ ჯგუფებს იცავს, ამ ყველაფრის მოწმე. მიუხედავად იმისა, რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მცირეოდენი დროით და შეზღუდულ მასშტაბში გვსურს საზოგადოებამდე ამ ტკივილის საჯაროდ მიტანა, ყოველი მცდელობა კვლავ სიკვდილის გარდაუვალი საფრთხით სრულდება. მეტიც, ადამიანის უფლებათა დარღვევაზე ხმამაღლა საუბარი უპასუხისმგებლოდ არის მონათლული როგორც "პროპაგანდა".

2015 წელს, იდენტობამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ არ შეშინებოდა ორგანიზებული ძალადობის საფრთხეს და საჯაროდ მოეთხოვა ლგბტ უფლებების დაცვა. იდენტობას მიზანი იყო: 1) მონაწილეთა ფიზიკური უსაფრთხოება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2) შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა – უფლება, რომელიც 2012 წლიდან არის დარღვეული.

მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ჩვენი მხრიდან გამოჩენილი მცდელობისა, ორგანიზაციამ ვერ მიიღო სახელმწიფოსგან მშვიდობიანი და საჯარო აქციის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები. იდენტობა და ლგბტ თემი კვლავ იძულებულია დახურულ კარს მიღმა, არაფორმალური თეოკრატიული მმართველობის პირობებში გააგრძელოს უფლებადაცვითი საქმიანობა. 17 მაისს საჯარო სივრცეს მართლმადიდებელი ეკლესია მთლიანად დაიკავებს. ეკლესია უკვე დიდი ხანია მოითხოვს იდენტობას საქმიანობის რუსეთში არსებული "პროპაგანდის კანონის" მსგავსი კანონმდებლობით აღკვეთას. ვშიშობთ, ამის შესაძლებლობას მას "შუღლის გაღვივების შესახებ" საეჭვო სისწრაფით ინიცირებული კანონპროექტი მისცემს", – ნათქვამია ორგანიზაცია იდენტობას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები