ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

კუდავა: დარღვევები მაშინ „აღმოჩნდა“, როცა პრინციპული პოზიცია დავიკავეთ

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა კუდავამ განათების სამინისტროსთან მისი დაპირისპირების მიზეზების შესახებ ტელეკომპანია ტაბულას გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

„არასწორი ხარჯების, დარღევების, არაეფექტური მმართველობის შესახებ ქალბატონმა მინისტრმა საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელნაწერთა ცენტრის კოლექტივმა და პირადად მე საკმაოდ პრინციპული პოზიციები დავიჭირეთ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. ერთი გახლავთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დღევანდელი ტერიტორიის საკითხი და მეორე გახლავთ ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანის თემა ხელნაწერთა ცენტრის საცავიდან...", - განაცხადა კუდავამ.

მისი თქმით, ცენტრს სამინისტრომ სამების ტაძრის უკან მდებარე ტერიტორია შესთავაზა. "მას შემდეგ, რაც დავათვალიერეთ ტერიტორია, დავრწმუნდით, რომ არანაირად ეს ადგილი არ შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. გარდა ამისა, ეს ადგილი ძალიან ახლოსაა სამების ტაძართან. შესაბამისად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აღქმული იქნებოდა, როგორც სამების ტაძრის კომპლექსის ნაწილი. ვფიქრობ, კონცეპტუალურად, ურბანულად და არქიტექტურულად ეს არის გაუმართლებელი. მას შემდეგ, რაც ჩვენი აზრი ამასთან დაკავშირებით ვუთხარით ქალბატონ მინისტრს, მას ეს აზრი არ მოეწონა და შემდეგი პროცესებიდან ჩვენ მაქსიმალურად ჩამოგვაშორეს", - აღნიშნა კუდავამ.

მან უარყო სამინისტროს პრეტენზიები თანამშრომელთა არასამართლიან ანაზღაურებასა და დანამატების გაცემასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ლაილაშის ბიბლიას, კუდავას თქმით, ეს არის X-XI საუკუნეებით დათარიღებული უნიკალური ხელნაწერი, ძველი აღთქმის ასეთი სიძველის ერთ-ერთი იშვიათი ტექსტი ებრაულ ენაზე. შესაბამისად, სამეცნიერო წრეებში ამ ხელნაწერით დიდი დაინტერესება არსებობს. ასევე დაინტერესებულები იყვნენ ამ ხელნაწერით, კუდავას თქმით, კრიმინალებიც 90-იან წლებში.

მისი თქმით, ებრაული მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მუზეუმმა ხელნაწერთა ცენტრისგან რიგი ექსპონატების, მათ შორის, ლაილაშის ბიბლიის დაბრუნება მოითხოვა, რაზეც ცენტრის თანამშრომლებმა უარი განაცხადეს, რადგან ასეთ პრეცედენტს შეეძლო "აბსოლუტური ქაოსი" გამოეწვია და სიძველეების გადაცემა სხვა ორგანიზაციებსაც მოეთხოვათ.

კუდავას თქმით, ხელნაწერების ცენტრმა მუზეუმს ხელნაწერის ფაქსიმილური ასლი გადასცა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მუზეუმის დირექტორმა რამდენიმეჯერ ორიგინალის გადმოცემა მოითხოვა, ცენტრი ასლის უკან დაბრუნებას შეეცადა. ამის შემდეგ სიტუაციაში აქტიურად განათლების სამინისტრო ჩაერია, "რამაც გამოწვია საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმდენად დიდი ზეწოლა იყო ჩვენზე, რომ ამან შესაძლოა მიგვიყვანოს ბოლოს ორიგინალის გადაცემამდე. ჩვენ გავაკეთეთ მკვეთრი განცხადება, რომ მისი გატანა დაუშვებელია".

კუდავას თქმით, იგი ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კონკურსი სამართლიანი არ იქნება, რადგან სამინისტრომ ის სწორედ ცენტრის პრინციპული ხელმძღვანელის შესაცვლელად გამოაცხადა.

კომენტარები