არჩევნები დიდ ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთის არჩევნებში დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა

REUTERS

დიდ ბრიტანეთში გამართულ არჩევნებში მოქმედი პრემიერმინისტრის, დევიდ კამერონის კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.

მონაცემების დათვლა თითქმის დასრულებულია და ახლანდელი შედეგებით, 650-ადგილიან თემთა პალატაში კონსერვატორებმა 331 ადგილი მოიპოვეს. დევიდ კამერონმა საკუთარ მომხრეებს წარმატება მიულოცა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანას გააერთიანებს და თითოეული ბრიტანელის ინტერესებს დაიცავს. მან ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირში ბრიტანეთის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღამე კონსერვატიული პარტიისთვის. ვფიქრობ, ჩვენ დადებითი პასუხი მივიღეთ ჩვენს პოზიტიურ კამპანიაზე, რომელიც ეკონომიკის დაცვას, სამუშაო ადგილების შექმნას, მთავრობის ანგარიშვალდებულებას გულისხმობს, რასაც  ვაკეთებდით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში და მომავალი ხუთი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ" - თქვა კამერონმა.

მეორე ადგილზე ლეიბორისტები გავიდნენ, რომლებსაც 232 მანდატი ერგებათ. ლეიბორისტების ლიდერმა, ედ მილიბანდმა არჩევნების დღეს იმედგაცრუება უწოდა და, ექსპერტების აზრით, ის თავის პოსტს დათმობს.

"ხმები ჯერ კიდევ ითვლება. მაგრამ ეს აშკარად იყო ძალიან სამწუხარო და მძიმე ღამე ლეიბორისტული პარტიისთვის. ჩვენ ვერ მივაღწიეთ ჩვენთვის სასურველ შედეგებს უელსსა და ინგლისში, შოტლანდიაში კი ნაციონალიზმის აფეთქება დავინახეთ. მინდა ვთქვა, რომ მომავალ მთავრობას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. მის წინაშე ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების ძალიან რთული ამოცანა დგას" - განაცხადა მილიბანდმა.

წარმატებას ზეიმობს შოტლანდიის ეროვნული პარტია, რომელმაც შოტლანდიის თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა და თემთა პალატაში უპრეცედენტო წარმომადგენლობა ეყოლება - ის 6 წევრიდან სულ მცირე 56-მდე გაიზრდება. გასულ წელს რეფერენდუმზე შოტლანდიის მოსახლეობამ ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი. დამოუკიდებლობის მხარდამჭერი პარტიის ლიდერი ფიქრობს, რომ მისი პარტიის წარმატება მისი პოზიციის მხარდაჭერასაც ნიშნავს.

მხოლოდ 8 ადგილი მოიპოვეს ლიბერალ-დემოკრატებმა. უელსის ნაციონალური პარტია Plaid Cymru-ს 3 ადგილს დასჯერდა, თითო-თითო ადგილი კი - ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიასა (UKIP) და მწვანეთა პარტიას ერგოთ.

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 279 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდა. ლონდონის მოქმედმა მერმა ბორის ჯონსონმა დეპუტატის მანდატი მოიპოვა, თუმცა მერის სავარძლის დატოვებას არ აპირებს და ორი თანამდებობის შეთავსებას გეგმავს.

კომენტარები