ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი

მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს აღნიშნავს

Remy de la Mauviniere / AP

მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს აღნიშნავს. ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის თარიღი ევროპის მრავალ დედაქალაქში აღნიშნეს. ხსოვნის ცერემონია პარიზშიც გაიმართა. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე სიმბოლურად ცეცხლი დაანთო, რის შემდეგაც პრეზიდენტმა და ვეტერანებმა დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი პარიზში ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმაც მიაგო. ჯონ კერი მემორიალთან ფრანგ კოლეგა ლორან ფაბიუსთან ერთად მივიდა.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავი პოლონეთში 9 ევროპული სახელმწიფოს პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნეს. გდანსკში, სადაც 1939 წლის 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, უკრაინის, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, ლიტვის, ესტონეთის და რუმინეთის ლიდერები ჩავიდნენ. პეტრო პოროშენკომ ევროპელ კოლეგებს 9 მაისს მოსკოვში წასვლაზე უარის თქმისთვის მადლობა გადაუხადა.

ხსოვნის ცერემონიალზე გამოსვლისას პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეორე მსოფლიო ომი ორი ტოტალიტარული რეჟიმის, კომუნისტურისა და ნაცისტურის თანამშრომლობის შედეგად დაიწყო. მისი თქმით, გერმანიაზე გამარჯვებამ 1945 წელს ბევრ ხალხს არა მშვიდობა, არამედ კომუნისტური იდეოლოგია და რკინის ფარდა მოუტანა. ამას კი წერტილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციამ დაუსვა. მან რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ნაცისტური უკრაინის აგრესიას შეადარა.

"ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახში არის ადგილი უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის, თუ ისინი მზად იქნებიან ომი უკრაინაში გვახსენებს მე-20 საუკუნის ყველაზე საშინელ დროს ევროპაში ჩვენს თვალწინ ახალი სახელმწიფო ევროპასთან გაერთიანებისა და თავისუფლების სურვილს გამოთქვამს. მისი ძლიერი მეზობელი კი ძალას იყენებს და საზღვრებს არღვევს. ჩვენ ეს არ გვინახავს ევროპაში 1945 წლიდან", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი რუს კოლეგასთან ერთად მონაწილეობა მიიღო რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ფრანკ ვალტერშტაინმაიერმა რუს ხალხს გერმანელი ხალხის სახელით ბოდიში მოუხადა. მან ასევე განაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ევროპაში ომები და ტანჯვა აღარ განმეორდეს.

კომენტარები