ელექტროენერგიის ტარიფი

მთავრობამ შესაძლოა, ელექტროენერგიის სუბსიდირებაც მოახდინოს

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი უნდა გაძვირდეს, მთავრობამ შესაძლოა, სუბსიდირებას მიმართოს. ამის შესახებ ვიცეპრემიერმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" ისაუბრა.

"ძალიან ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ საქართველო ჩაბნელდება, კომპანიები გაკოტრდებიან, მოსახლეობას არ ექნება შუქი - მერწმუნეთ, ამის საშიშროება არ არსებობს. არის პრობლემები. ეს პრობლემები შექმნილია ლარის გაუფასურების გამო. კომპანიებმა მიმართეს მარეგულირებელ კომისიას და კომისიამ დაიწყო ტარიფის გადახედვა, გადათვლა - 10 სექტემბრამდეა ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ ტარიფი უნდა გაძვირდეს, შეიკრიბება მთავრობა, ვიმსჯელებთ იმაზე, რომ გავუძვიროთ ტარიფი მოსახლეობას თუ დავტოვოთ იგივე და გავაკეთოთ მიზნობრივი სუბსიდირება. ამ შემთხვევაში, არც კომპანიები გაკოტრდებიან და არც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გაუძვირდება ტარიფი",- თქვა კალაძემ.

წამყვანმა მინისტრს უთხრა, რომ შედეგად პრობლემა ბიუჯეტს შეექმნებოდა, თუმცა, აღნიშნულ რეპლიკაზე კალაძეს არ უპასუხია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ამ დროისთვის კომერციული პირებისთვის გაძვირებული გაზის ტარიფის სუბსიდირებას ახდენს.

კომენტარები