ტერორიზმი

თურქული გემის დაბომბვის შედეგად ქართველი მეზღვაურები არ დაშავებულან

ლიბია
Reuters

ლიბიის სანაპიროსთან თურქული სატვირთო გემის დაბომბვის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. როგორც ცნობილია, თავდასხმა საპორტო ქალაქ ტობრუკთან მოხდა.

"კუკის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ მშრალტვირთმზიდ "Tuna 1"-ზე იმყოფება 6 ქართველი მეზღვაური. ლიბიის ტერიტორიულ წყლებში დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ერთი ეკიპაჟის წევრი, თურქეთის მოქალაქე კაპიტნის მესამე თანაშემწე. ქართველები მეზღვაურები არ დაშავებულან. სააგენტო მუდმივ კავშირზეა მათთან და მათივე ცნობით, გემი არ არის გამართულ მდგომარეობაში, თუმცა, ისინი შეძლებენ ნავსადგურამდე მისვლას უპრობლემოდ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საქმის კურსში ჩააყენა საბერძნეთში, ეგვიპტეში და თურქეთში საქართველოს საელჩოები, საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრები და სანაპირო დაცვის სამსახურები.

ამჟამად გემის პოზიცია არის ყველაზე ახლოს საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან. საბერძნეთის სანაპირო დაცვა საქმის კურსშია და განვითარებული მოვლენების შესახებ გაცნობებთ", - იუწყება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

კომენტარები