NDI-ის კვლევა

მაჭავარიანი: შესაძლოა, წინასაარჩევნოდ, კოალიციაში პრორუსული ძალები შემოიკრიბონ

ტაბულა

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის შეფასებით, შემდეგი არჩევნები იქნება იმაზე, ვინ უფრო მეტად შეძლებს ევრაზიული კავშირის თემის აწევას. როგორც მაჭავარიანმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში NDI-ის შედეგებზე საუბრისას თქვა, გამორიცხული არ არის, წინასაარჩევნოდ ახალი კოალიცია შეიქმნას, რომელშიც პრორუსული ძალები შევლენ. ცნობისთვის, ამერიკულ დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გამოკითხულთა 31%-ს სურს.

"იმ ადამიანისთვის, ვინც ხედავს, რომ ევროკავშირის ბაზარი მისთვის მიუწვდომელია, რა თქმა უნდა, რჩება უფრო ხელმისაწვდომი რუსეთის ბაზარი. ის პროპაგანდაც, რომელიც მიდის რუსული არხების თუ ევრაზიული კავშირის მეშვებით, რომ - აი, რუსეთს, ბელოურუსს, სომხეთს შეხედეთ, ნახეთ, როგორ არის საქმე, არ შეგატანინებთ პროდუქტს, თუ არ იქნება ევრაზიულ კავშირთან საქართველო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის გაურკვევლობა, რომელიც მოსახლეობის ნებისმიერ წარმომადგენელში, რომელიც ამ საქმით არის დაკავებული, კითხვებს ბადებს. ეს ასევე ცალსახად მიუთითებს რუსული ფაქტორის, ევრაზიული ფაქტორის თემის გააქტიურებას, მათ შორის, იმ პოლიტიკური ძალების, რომლებიც ამ თემას აიტაცებენ და როგორც ჩანს, შემდეგი არჩევნები, ზუსტად იქნება იმაზე, ვინ უფრო მეტად შეძლებს ამ თემის აწევას და იქნება ძალიან სერიოზული კონკურენცია. ვფიქრობ, შეეცდებიან მმართველ კოალიციაში შემოირიგონ ან შემოიკრიბონ ის ადამიანები, რომლებიც ევრაზიულ კავშირზე, რუსეთთან ურთიერთობის უფრო ეფექტურ დარეგულირებაზე შეძლებენ საუბარს, იმიტომ, რომ რეალურად მათ რესურსი ამოწურეს რუსეთთან ურთიერთობის "დარეგულირების" და მე არ გამოვრიცხავ, რომ ახალი კოალიცია ვიხილოთ არა რესპუბლიკელებით მარტო, არამედ, შეიძლება ეს რესპუბლიკელები ჩაანაცვლოს ბურჯანაძემ, პატრიოტთა ალიანსმა და სხვა პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა" - განაცხადა მაჭავარიანმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "ბურჯანაძის გვერდით რესპუბლიკელებს ვერ ხედავთ?", მაჭავარიანი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

"ეს არის ვანიშვილის გადასაწყვეტი, თუ ის გადაწყვეტს, რომ ეს ორი პარტია, ორი პოლიტიკური მიმართულება ერთმანეთს ხელს უშლის და იქნება პრობლემა, არჩევანს გააკეთებს, არ მოერიდება" - თქვა პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა.

კითხვაზე, "ანუ ივანიშვილის გადასაწყვეტია და არა რესპუბლიკელების, დარჩებიან თუ არა ბურჯანაძესთან ერთად?", მაჭვარიანი პასუხობს - "აბა თუ თქვენ მართლა გგონიათ, რომ ხიდაშელი რაღაც პოლიტიკური პროცესის შედეგი იყო, ცოტა მიამიტური უნდა იყოს ეს შეხედულება. ეს იყო ცალსახად ივანიშვილის გადაწყვეტილება სხვადასხვა სუბიექტური, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური კონკრეტული მოვლენებიდან თუ პროცესებიდან გამომდინარე" - განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები