NDI-ის კვლევა

მარგველაშვილი: ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობის ზრდა დასაფიქრებელია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

31% დასაფიქრებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა NDI-ის კვლევაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 31%-სთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მისაღებია.

"მე ვფიქრობ, შედეგები ფრიად დასაფიქრებელია. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე ხაზი გავუსვი იმას, რომ პროდასავლური ძალების დღის წესრიგი ჩვენი დასავლური არჩევანის კონსოლიდაციასთან დაკავშირებით უფრო უნდა გააქტიურდეს. 31% არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა იმ ჯგუფისთვის, რომლისთვისაც სტრატეგიული სწორედ დასავლური არჩევანია", - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმ ჯგუფებმა, რომლებიც ნათლად ხედავენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობას, ამ იდეების პოპულარიზაციისთვის მეტი კონსოლიდაცია უნდა მოახდინონ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-სთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მისაღებია, 41%-სთვის მიუღებელი, ხოლო 27%-მა არ იცის.
ამასთან, კვლევაში მონაწილეთა 68%-სთვის მისაღებია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, 16%-სთვის მიუღებელი, ხოლო 15%-მა არ იცის.

რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, NDI-ის გამოკითხულთა 65%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს NATO-ს წევრი, 20%-სთვის მიუღებელია, 14%-მა კი, არ იცის.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 27 მარტი-19 აპრილის შუალედში ჩაატარა. NDI-მ ქვეყნის მასშტაბით 4360 ადამიანი გამოჰკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის 2.3%.

კომენტარები