ჯონ კერიმ რუსეთში ვიზიტისას მინსკის შეთანხმების სრულად შესრულება მოითხოვა

ვლადიმირ პუტინი; ჯონ კერი
Reuters

რუსეთში ვიზიტისას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კერიმ პუტინთან შეხვედრას გულახდილი უწოდა და აღნიშნა, რომ მასთან უკრაინის, ირანის და სირიის საკითხები განიხილა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის შეფასებით, მოლაპარაკება წარმატებული იყო, თუმცა, გარღვევა არ მომხდარა.

მანამდე ჯონ კერი რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, მხარეების პოზიციები უკრაინის კრიზისის თაობაზე კვლავ განსხვავებულია, თუმცა, ორი ქვეყნის თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში აუცილებელია.

ჯონ კერიმ კი აღნიშნა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ სრულდება. მან ასევე რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლაში პარტნიორი უწოდა. მისი თქმით, ირანისთვის რუსული საზენიტო კომპლექსების მიყიდვა არ არის დარღვევა, თუმცა, შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.

"ჩვენი აზრით, მინსკის შეთანხმება დღეისთვის საუკეთესო გზაა მშვიდობის დასამყარებლად უკრაინაში და ის სრული მოცულობით, რაც შეიძლება, მალე უნდა შესრულდეს. როდესაც ეს მოხდება, ამერიკული და ევროპული სანქციების თანდათან უკან გაწვევა გახდება შესაძლებელი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა შიროკინოში და დონეცკის აეროპორტის მიდამოებში. გრძელდება სეპარატისტული ძალების შეიარაღება, წვრთნა და სარდლობა. მიგვაჩნია, რომ საბრძოლო მოქმედებები, ვის მიერაც არ უნდა იყოს პროვოცირებული, აღარ უნდა გაგრძელდეს", - თქვა ჯონ კერიმ.

კომენტარები