საქართველოს ეროვნული ბანკი

2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველის ჯილდო გიორგი ქადაგიძემ აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკი

ბრიტანულმა ჟურნალმა The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველის ჯილდო დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს გადასცა. დაჯილდოება საქართველოში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში ჩატარდა. 

The Banker-ის ევროპის რედაქტორის, სტეფანი ლინჰარტის თქმით, ამ ჯილდოს ყოველწლიურად ცენტრალური ბანკის ის მმართველები იღებენ, რომლებიც სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებენ, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად პოპულარულია მათი გადაწყვეტილებები. სტეფანი ლინჰარტის თქმით, ეროვნული ბანკის დედოლარიზაციის პოლიტიკა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ გამოწვევას წარმოადგენს. 

"რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს დღეს უამრავი სოციალური პრობლემა აქვთ. ისინი ჩვენგან ნომინაციებში გამარჯვებისა და მილოცვების მიღების ნაცვლად პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები სწორედ ძლიერ ინსტიტუტებშია, სადაც ქვეყნის და მისი მოქალაქეებისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით აღსავსე მოხელეები იღებენ. მე ამაყი ვარ, რომ ეროვნულ ბანკში სწორედ ასეთი გუნდი მუშაობს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი შრომის აღიარებას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

The Banker-ი ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და საუკეთესო ბანკირებს 149 ქვეყანაში. ყოველწლიური დაჯილდოება ავლენს იმ ხელმძღვანელ პირებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის სტიმულირებასა და სტაბილიზაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი.

The Banker-ის ცნობით, საქართველოს საბანკო სექტორმა განვლილი წლის მანძილზე ძირითადი ეკონომიკური შოკების მიმართ მდგრადობა კარგად აჩვენა. The Banker-მა ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ სასწავლო პროგრამას უმასპინძლა, რომლის შედეგადაც სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ცენტრალური ბანკის მართვის გამოცდილება ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და სხვა ცენტრალურ ბანკებს გაუზიარა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2014 წელს აზიის განვითარების ბანკის სავალუტო რეზერვების მართვის მეოთხე რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა, ფორუმში მონაწილეობა მსოფლიოს 30 ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობამ მიიღო. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანაში დოლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც მნიშვნელოვან სამომავლო გამოწვევად რჩება. 2014 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ლარში დენომინირებული პირველი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა. გიორგი ქადაგიძის თქმით, არსებულ მაგალითზე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც აპირებენ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდის გამოშვებას, რაც ეროვნული ვალუტის მნიშვნელობის ამაღლებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ჟურნალი The Banker-ი The Financial Times Group-ის წევრია და მსოფლიოს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას აშუქებს.

კომენტარები