ანტიდასავლური განწყობები

MDF: ანტიდასავლური განწყობების მთავარი წყარო მედიაა

მედიის განვითარების ფონდმა მედიამონიტორინგის ანგარიში - ანტიდასავლური პროპაგანდა გამოაქვეყნა. ერთწლიანი მონიტორინგის თანახმად, ანტიდასავლური განწყობების მთავარი წყარო მედიაა (325), რომელსაც მოსდევს საზოგადოების სხვა წარმომადგენლების კატეგორია (205), პოლიტიკური პარტიები (113), სასულიერო პირები (52), ხელისუფლების ყოფილი (43) და მოქმედი (5) პირები.

MDF-ის ცნობით, მედიიდან ანტიდასავლური განწყობების კულტივირება და ტირაჟირება ყველაზე მძაფრად მედიაკავშირ ობიექტივის სატელევიზიო თოქ-შოუში ხდებოდა (87), რომელსაც ონლაინგამოცემები - საქინფორმი (82) და საქართველო და მსოფლიო (შემდგომში Geworld.ge) (72) მოსდევენ. ბეჭდური მედიიდან გამოკვეთილად მკაფიო ანტიდასავლურ განწყობებს გაზეთი ასავალ-დასავალი (40) და ალია ჰოლდინგში შემავალი გამოცემები - კვირის ქრონიკა (26) და ალია (12) გამოხატავდნენ. სააგენტოებში - პირველი და რეპორტიორი -დარღვევის თითო ფაქტი გამოიკვეთა, ხოლო ტელეკომპანია იმედში ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევის და ანტიდასავლური ინტერპრეტაციით მოვლენის გაშუქების ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

მედიამონიტორინგის თანახმად, პარტიებიდან ანტიდასავლურ შეხედულებებს ყველაზე ხშირად ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა და მასთან ერთად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ ბლოკში გაერთიანებული პარტიები (47) გამოხატავდნენ, ასევე ამ მოძრაობასთან დაკავშირებული სახალხო კრება (29) და პატრიოტთა ალიანსი (27). შემდეგ ადგილებზე კი თავისუფალი საქართველო (6) და ქართული ოცნება (4) იყო. MDF-ის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ხუთივე შემთხვევა აფხაზეთის მთავრობას – განათლებისა და კულტურის მინისტრს (4) და აფხაზეთის მთავრობის მრჩეველთა ბიუროს ხელმძღვანელს (1) უკავშირდებოდა. ხელისუფლების ყოფილი თანამდებობის პირების მხრიდან გამოხატული 43 გზავნილიდან უმეტესობა ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდის (1995-2003) პოლიტიკური თანამდებობის პირებს და სხვა მოხელეებს უკავშირდებოდა, რომელთაგან ყველაზე მეტად ძალოვანი უწყებების (უშიშროების, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები) წარმომადგენლები და ყოფილი სახალხო დამცველი აქტიურობდნენ.

მედიამონიტორინგის თანახმად, ღირებულებებთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კატეგორიაში დომინანტი თემა დასავლეთის მიერ ჰომოსექსუალობის, ინცესტის, პედოფილიის და გარყვნილი ცხოვრების წესის "დაკანონებას" უკავშირდებოდა, რაც საქართველოს პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხილვის თანმდევი დისკურსი იყო და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პაკეტის შემადგენლად იყო წარმოჩენილი (152); შემდეგი ნარატივი, რომელსაც MDF-ის ცნობით, წყაროები ავითარებდნენ, დასავლეთის, როგორც მართლმადიდებლობასთან მებრძოლად წარმოჩენა იყო.

"გარკვეულ შემთხვევებში, ეს ბრძოლა მართლმადიდებელ რუსეთთან დაპირისპირებად იყო განხილული (66); დასავლური ღირებულებების მიუღებლობა სხვადასხვა თემებს მოიცავდა (23); უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხების – ევროპის საბჭოს რეგიონალური ენების ქარტიის რატიფიცირების და სტალინის რეჟიმის მიერ საქართველოდან, კერძოდ კი მესხეთიდან დეპორტირებული მოქალაქეების რეპატრიაციის თემები, რაც ასოცირების ხელშეკრულების ფორმატში განიხილებოდა, დასავლეთიდან "ინსპირირებულ" სეპარატიზმის საფრთხეებთან იყო დაკავშირებული (11); ხდებოდა ასევე გენდერისა და სექსუალური იდენტობის თემატიკის გაიგივება ოჯახურ ტრადიციებთან ბრძოლასთან (9)", - წერს მედიის განვითარების ფონდი და აღნიშნავს, რომ საგარეო-პოლიტიკურ თემატიკაში დომინანტი იყო მოსაზრება, რომ ამერიკა და ზოგადად დასავლეთი მოძალადე და სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო გადატრიალებების ინსპირატორია (89);

მონიტორინგის მიხედვითვე, უკრაინის მოვლენები წარმოდგენილი იყო, როგორც დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება (69); ევროატლანტიკური ინტეგრაცია საფრთხეებთან, მათ შორის თურქეთის ექსპანსიასთან და ტერიტორიების დაკარგვასთან იყო დაკავშირებული (63); ასოცირების ხელშეკრულება კი საქართველოს დაკაბალებასთან და ეკონომიკის განადგურებასთან იყო გაიგივებული (37);

"ასევე, ხდებოდა რუსეთის დასავლეთის საპირწონედ (21), ხოლო რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის საფრთხედ წარმოჩენა (4). ასევე, გაჟღერებული იყო აზრი, რომ ნატო და ევროკავშირი ქართველი ხალხის არჩევანს არ წარმოადგენდა და ამ პროცესს საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმაცია აკლდა. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, დომინირებდა მოსაზრება, რომ საქართველო გარე ძალების მიერ იმართება და მოკლებულია დამოუკიდებლობას (80), ხდებოდა ყოფილი მმართველი პარტიის – ნაციონალური მოძრაობის ნეგატიურ კონტექსტში ასოცირება დასავლეთთან (44) და დასავლეთის კორუმპირებულად წარმოჩენა (11); მოსაზრება, რომ "დასავლეთი ვერ დაგვიცავს საფრთხეებისგან" (6) და "საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია დასავლეთმა გაწირა" (4) შედარებით ნაკლებად ფიგურირებდა", - ნათქვამია მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

MDF-ის მედიამონიტორინგი ერთწლიან პერიოდს (17 თებერვალი, 2014 – 18 თებერვალი, 2015) მოიცავს და იმ წყაროების მიხედვით არის დაჯგუფებული, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების მხრივ ყველაზე აქტიურები არიან. ესენია: მედია, პოლიტიკური პარტიები და მათთან აფილირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, ანუ ყველა ის რესპონდენტი, რომელიც ცალკე კატეგორიად არ არის გამოყოფილი. მონიტორინგის ფოკუსი იყო ცალკეული გზავნილების გამოკვეთა, რომელთაც ეს წყაროები ავითარებდნენ, მათი განმეორების სიხშირე, მცდარი ინფორმაცია, რომელიც ან ცალმხრივად, ან თავისუფალი ინტერპრეტაციით, ალტერნატიული მოსაზრებების გარეშე იყო წარმოდგენილი, მედიის შემთხვევაში, პროფესიული სტანდარტების დარღვევა. მონიტორინგი ექვსი გაზეთის (ასავალ-დასავალი, რეზონანსი, პრაიმ ტაიმი, კვირის ქრონიკა, ალია, კვირის პალიტრა); ტელევიზიების - საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, რუსთავი 2, კავკასია, მაესტრო დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების, ასევე მედიაკავშირ ობიექტივის და ტელეკომპანია ტაბულას პრაიმტაიმის თოქ-შოუების დაკვირვებას ითვალისწინებდა. მონიტორინგი ექვს საინფორმაციო ვებპორტალზეც (საქინფორმი, ინტერპრესნიუსი, ნეტგაზეთი, პირველი, რეპორტიორი, საქართველო და მსოფლიო) გავრცელდა. 

კომენტარები