ძიუდო

ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე გაიმარჯვა

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

სამხრეთ კორეაში მიმდინარე უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა. 90-კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე პარა-სპორტსმენმა, სეულის ტატამზე ხუთი ბრძოლა გამართა და ხუთივეში გაიმარჯვა. ქართველმა ფალავანმა მეთექვსმეტედფინალში კორეელი ჟუნ ვინ პარკი იპონით დაამარცხა.

გოგოჭურმა შემდეგომ ეტაპებზე უკრაინელ ალექსანდრ ნაზარენკოს, კანადელ ტონი სკონვალბს და უზბეკ შიუკარ ატბობევს ასევე სუფთა მოგებით აჯობა, ფინალში კი ბრიტანელ სამუელ ინგრამს დაუპირისპირდა.

2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ინგრამმა, ქართველ ძიუდოისტს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და გოგოჭურმა გადამწყვეტი ბრძოლის მოგება მხოლოდ მეტოქის გაფრთხილებით შეძლო. ეს ზვიად გოგოჭურისთვის პარასპორტში პირველი საერთაშორისო ტურნირი გახლდათ და მან დებიუტი ოქროს მედლით აღნიშნა.

ქართველ ძიუდოისტს სამხრეთ კორეაში უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე გამარჯვება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა.

"ქართველმა ფალავანმა დაუმარცხებლად იბრძოლა ფინალამდე და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. მან პირველად იასპარეზა მსოფლიო დონის საერთაშორისო ტურნირზე და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიმტკიცისა  და გამძლეობის, ვაჟკაცობის საუკეთესო მაგალითი. ამიტომაც განსაკუთრებით საამაყოა მისი წარმატება. კიდევ ერთხელ ვულოცავ ზვიად გოგოჭურს ოქროს დებიუტს და კვლავაც ბევრ გამარჯვებასა და წარმატებებს ვუსურვებ" - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

კომენტარები