ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები დირექტორად აბაშიძის დანიშვნას აპროტესტებენ

ტაბულა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის დანიშვნას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომისიამ, რომელიც დირექტორის შერჩევაში იღებდა მონაწილეობას, თანამშრომელთა რეკომენდაციები ბუბა კუდავას არჩევასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინეს.

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლები ძირითადად განათლების სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული 9 კაციანი კომისიის გადაწყვეტილებას სუბიექტურს უწოდებენ. მათი თქმით, ისინი მსგავსი ფორმით შერჩეული დირექტორის მიღებას არ აპირებენ.

"რაც შეეხება კომისიას, როდესაც შევიტყვეთ კომისიის შემადგენლობა, მაშინვე დიდი ეჭვი გაჩნდა, რომ მათი გადაწყვეტილება ტენდენციური იქნებოდა. როდესაც ასეთ ვითარებაში მიმდინარეობს კონკურსი, როცა განათლების სამინისტროსთან ისედაც დაძაბული ურთიერთობაა, არ შეიძლება, რომ კომისია დიდწილად სამინისტროს კადრებით იყოს დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ცალსახად სამინისტროს კადრი გავიდოდა", - განაცხადა სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარემ, შალვა გლოველმა.

ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლებს ხელში პლაკატები ეკავათ, წარწერებით: "ვაპროტესტებთ სამეცნიერო საზოგადოების აზრის იგნორირებას", "ვაპროტესტებთ კომისიის ტენდენციური წევრებით დაკომპლექტებას" და სხვ.

შეგახსენებთ, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორად ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა. 

 

კომენტარები