მედიის განვითარების ფონდი

MDF მიმართავს GNCC-ს, შეისწავლოს რუსულენოვანი ფილმების გაშვების საკითხი

მედიის განვითარების ფონდმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა და მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში რუსულენოვანი ფილმების გაშვების დროს მაუწყებლობის შესახებ კანონისა და მარეგულირებლის შესაბამისი დადგენილების დარღვევის ფაქტის შესწავლა მოსთხოვა. კერძოდ, 2015 წლის 22 მარტს მედიაკავშირ ობიექტივის ეთერში ანდრეი კონდრაშოვის ფილმი "ყირიმი -გზა სამშობლოსკენ", ხოლო 3 მაისს ვლადიმერ სოლოვიოვის ფილმი "პრეზიდენტი" რუსულ ენაზე, ქართული სუბტიტრების გარეშე გავიდა.

"მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული. ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია, დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით. კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების თანახმად, "არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდა) წარმოებული მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით", - აცხადებს მედიის განვითარების ფონდი და სთხოვს მარეგულირებელ კომისიას, შეისწავლოს, აქვს თუ არა მედიაკავშირ ობიექტივს აღნიშნული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლება.

კომენტარები