26 მაისი

მთავრობამ 26 მაისის ღონისძიებების პროგრამა დაამტკიცა

26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო კომისიის სხდომაზე ღონისძიებების პროგრამა დაამტკიცეს. სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის თქმით, 26 მაისს ბევრი საინტერესო ღონისძიება იგეგმება.

"ტრადიციულად მოეწყობა სახალხო ზეიმი და იქნება ძალიან ბევრი სიურპრიზი. ძირითადად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწყო ისეთი ღონისძიებები, რომელიც საინტერესო იქნებოდა როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. 12:00 საათზე დაიწყება ღონისძიებების საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობა. 13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება ტრადიციულად ფიცის დადების ცერემონია. გვექნება ასევე ავიაშოუს ელემენტები. სამხედრო თვითმფრინავები გადაიფრენენ რუსთაველის გამზირზე. 12:00-დან 20:00 საათამდე მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იქნება მოწყობილი სხვადასხვა კუთხე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისვე თქმით, გუდაურის განვითარების ფონდი ხელოვნური გათოვლიანების კუთხესაც მოაწყობს, სადაც საგუნდაო და საციგურაო ადგილები იქნება.

"გამოეფენება სამხედრო და სპეციალური ტექნიკა. ბევრი კონკურსი, შეჯიბრი, მხიარული სტარტები, სხვადასხვა ტიპის კონცერტები იქნება. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელიც მიეძღვნება ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს. ასევე გალა-კონცერტი 21:00 საათზე პარლამენტის წინ, რომელიც დიდი ფოიერვერკით დასრულდება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 12 რეგიონში გაიმართება. 

კომენტარები