რიგის სამიტი

რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი იხსნება

რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი იხსნება. ფორუმს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს დელეგაციაც ესწრება. სამიტზე სამეზობლო პოლიტიკის მომავლის, ასევე უკრაინის კრიზისის, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი იქნება. სამიტის პლენარული სესია ხვალ გაიმართება. სესიის ბოლოს მონაწილეები ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.

თავისუფალი დემოკრატები, რომლებიც რიგის სამიტზე იმყოფებიან, ამბობენ, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დეკლარაციაში არაფერი იქნება ნათქვამი, თუმცა, მათი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ევროინტეგრაციისკენ სვლა არ უნდა გააგრძელოს.

"არაფერი განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკური დეკლარაციის დონეზეც არ იქნება განცხადება, ასევე არ იქნება ევროპული პერსპექტივა, მაგრამ იქნება პოზიტიური დეკლარაცია იმ ნაბიჯების თაობაზე, რაც საქართველომ აქამდე გააკეთა, ამიტომ არ მინდა მოსახლეობას დარჩეს იმის აღქმა, რომ დღეს რიგის სამიტზე მთავრდება, იგივე ვიზასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოლაპარაკებები და ამ საკითხზე ეს არის რაღაც ბოლო აკორდი ჩვენს ურთიერთობაში. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტექნიკური კრიტერიუმებიც დავაკმაყოფილოთ და პროაქტიული დიპლომატიით, პოლიტიკური გადაწყვეტილება მივაღებინოთ", - თქვა ვიქტორ დოლიძემ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 22 მაისს დასრულდება. 

კომენტარები