ლარის გაუფასურება

ეროვნული ვალუტა სამ დღეში დოლართან 11 თეთრით, ევროსთან კი 17 თეთრით გამყარდა

კოლაჟი / ტაბულა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ლარი დღეს ამერიკულ დოლართან მიმართებით 6.9 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი აშშ დოლარი 2.2545 ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა მთელი 6.4 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი ევრო 2.5151 ლარი ეღირება. ლარმა გამყარების ტენდენცია სამი დღის წინ შეიძინა. განვლილი პერიოდის მანძილზე ის დოლართან 11 თეთრით ევროსთან კი 17 თეთრით გამყარდა. 

ეროვნული ვალუტის უკანასკნელი გამყარება შესაძლოა ტურისტული სეზონის გაძლიერებას უკავშირდებოდეს, რადგანაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. განვლილი თვეების მანძილზე ტურიზმი მცირდებოდა, თუმცა აპრილიდან მისი უმნიშვნელო 0.4%-იანი მატება შეინიშნება. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 26%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას არ ელოდება. ქადაგიძე აქვე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი მაინც შეიძლება გაუფასურდეს, რადგანაც მოკლევადიან პერიოდში მასზე კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები