Noble Partner 2015

ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საცეცხლე წვრთნა ჩაატარეს

mod.gov.ge

ვაზიანის სამხედრო სასროლეთზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ტაქტიკური ამოცანები საბრძოლო სროლებით შეასრულეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობთ, ქართულ-ამერიკული სწავლება NOBLE PARTNER 2015 ფარგლებში ჩატარებული წვრთნა ტაქტიკურ და საცეცხლე ელემენტებს მოიცავდა.

სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ტიპის მცირე და საშუალო კალიბრიანი იარაღებიდან, სნაიპერული შაშხანებიდან და 60მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან სხვადასხვა მანძილზე მდებარე სამიზნეებს ესროლეს. საბრძოლო სროლები ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან „ბრედლი" და ქართულ შეიარაღებაში არსებული БМП 2-ებიდან განხორციელდა.

ქართულ-ამერიკული სწავლება NOBLE PARTNER 2015 დასკვნით ეტაპზეა. სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები თეორიული მომზადების შემდეგ პრაქტიკულ საცეცხლე და ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ.

NOBLE PARTNER საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სწავლებაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში აშშ-ის არმიის პარაშუტისტთა და მექანიზირებული დანაყოფები მონაწილეობენ. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა" ასეული, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეული და სამხედრო პოლიციის ოცეულია წარმოდგენილი.

კომენტარები