რიგის სამიტი

ჩერგოლეიშვილი: სამიტზე წარუმატებლობა მთავრობის პოლიტიკის შედეგია

საქართველოს მთავრობამ დაპირება ვერ შეასრულა და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე, ვიზალიბერალიზაციის კუთხით, წარმატებას ვერ მოაღწია. ამის შესახებ ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემა თეორემაში ჩართვისას განაცხადა.

მისი აზრით, ამის მიზეზები ძირითადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას უკავშირდება.

„პირველ რიგში ეკონომიკური სიდუხჭირე უნდა განვიხილოთ. ქვეყანაში რაც ხდება, ძალიან კარგად ვხედავთ. იგივე რელიგიური უმცირესობების მიმართ რაც ხდება, იგივე პოლიტიკური დევნა რომ ავიღოთ. ეს ყველაფერი ხომ რეალურად ზრდის ევროპელებისთვის იმის საფრთხეს, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან მიგრაცია გაიზრდება, რაც შემდეგ დააწვება ევროპელ გადასახადის გადამხდელს. გადაწყვეტილებას ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები იღებენ, რომელებიც ამომრჩევლების ნებაზე არიან დამოკიდებული. შესაბამისად, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მიზეზით ევროპელ გადასახადის გადამხდელს პრობლემები არ უნდა შეექმნას", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, „ამას უკავშირდებოდა სწორედ ის მოწოდებები, რაც კეთდებოდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით, გნებავთ რეფორმების კუთხით, გნებავთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის კუთხით... გნებავთ უმცირესობების დაცვის კუთხით".

გარდა ამისა, ჩერგოლეიშვილის აზრით, საქართველოს ხელისუფლების მიზეზით გართულდა ურთიერთობა ევროკავშირის წევრ იმ ქვეყნებთან, რომლებიც საქართველოს ტრადიციული მხარდამჭერები არიან.

„ის ქვეყნები, გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის იბრძვიან, წუხდნენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ დევნაზე, რის გამოც ხელისუფლებამ ისინი გალანძღა და ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის მეგობრებად გამოაცხადა. უფრო შორსაც წავიდნენ და ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები კორუფციაშიც სდებდნენ ბრალს", - აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებისას ხელისუფლება საკმარის დროს არ უთმობდა მთავარ საკითხებს. მაგალითად, საქართველოში ფრანსუა ოლანდის ვიზიტის დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკება, თუ სად გამართულიყო სადილი, პრეზიდენტის რეზიდენციაში თუ სხვაგან.

„ჩვენი ხელისუფლება ძალიან ბევრ დროს ხარჯავს წინა ხელისუფლების დევნაზე, მათ შორის საგარეო პარტნიორებთან და ძალიან ცოტა დროს ხარჯავს ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაზე", - აღნიშნა ტაბულას დირექტორმა.

კომენტარები