ეროვნული ბანკი

მეჭიაური სებ-ის შეფასებებზე: ატომური ბომბის შემქმნელებმა ნობელის პრემია მიიღეს

ტაბულა

ატომური ბომბი ვინც შექმნა, ყველამ ნობელის პრიზი მიიღო, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ბრალეულობა არ ჩაუდენიათ, - ასე შეაფასა საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად დასახელება.

მეჭიაურმა თავის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მეჭიაურის თქმით, საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მის ნდობას არ იმსახურებს, რამდენადაც მათთვის ნდობის მანდატი ზურაბ ადეიშვილსა და მის გარემოცვას აქვთ მიცემული.

"მე ვარ არჩეული და ჩემი კოლეგებიც საქართველოს მოსახლეობის მიერ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მინიმუმ 30%-ით გაღარიბდა. მე არ ვიძახი, რომ ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალია, თუმცა, როცა ისმის კითხვები, თუ რამ გამოიწვია ეს, არის მხოლოდ საგარეო ფაქტორები თუ ვიღაცამ ხელიც წააშველა, მე პასუხი არ მაქვს.

პასუხი არ მაქვს იმდენად, რამდენადაც ვინც უნდა აკონტროლებდეს ამ პროცესებს, თუნდაც იგივე ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც არის იქ შემავალი, არის გაგრძელება და დანამატი ეროვნული ბანკის საბჭოსი.

თავისთავად ცხადია, მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ვერ იქნება ჩემთვის სანდო, თუნდაც იმიტომ, რომ მათთვის ნდობის მანდატი მიცემული აქვთ მხოლოდ ადეიშვილს და რამდენიმე მის გარემოცვას. მე მინდა, რომ მათ აკონტროლებდეთ არა თავისივე დანიშნული, არამედ პარლამენტის მიერ არჩეული სააგენტო", - განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეროვნული ბანკის საქმიანობის დადებითად შეფასებასაც გამოეხმაურა. მეჭიაურის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად. მან ასევე დაამატა, რომ არავის აქვს უფლება, მიუთითოს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, შექმნას თუ არ შექმნას კომისია.

"მე არ ვიცი, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რა კრიტერიუმით მიანიჭეს ეს ტიტული, მე ერთი ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სხვათა შორის, ატომური ბომბი ვინც შექმნა, ყველამ ნობელის პრიზი მიიღო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ბრალეულობა არ ჩაუდენიათ. მათ ჭკუაზე მე პრეტენზია არ მაქვს, მათ კვალიფიკაციაზეც არ მაქვს, მაგრამ მათ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიგნით თუნდაც ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით, მე მაქვს სერიოზული ეჭვები და ასევე მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს სერიოზული ეჭვები.

მე არ მაქვს პასუხები. იმისათვის, რომ მქონდეს პასუხები, მე ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას. ამ კონსტიტუციის ფარგლებში, ჩემი უფლებების გამოყენების უფლებას ვერც საერთაშორისო ორგანიზაცია დამიშლის და არც არავის არ აქვს უფლება, მიუთითოს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, შექმნას თუ არ შექმნას კომისია. ეს რომ გააკეთოს ვინმემ ისრაელში, მას ქვეყნიდან გააძევებენ", - განაცხადა მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულმა ჟურნალმა The Banker-მა ევროპის 2014 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაასახელა.

კომენტარები