რიგის სამიტის დეკლარაცია

სამიტის დეკლარაცია: ევროპაში ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული არ არის

armenianow.com


2014 წლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებმა და საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენეს, რომ სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტური პრინციპები 21-ე საუკუნეში ევროპის კონტინენტზე გარანტირებული არ არის, - ამის შესახებ რიგის სამიტის დეკლარაციაში წერია.

დეკლარაციაში ასევე წერია, რომ ევროკავშირი რჩება პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ერთგული. სრულიად ერთგული ყველა პრინციპისა და ვალდებულებისა, რომელსაც 1975 წლის ჰელსინკის ფინალური აქტი და 1990 წელს პარიზის ქარტია ითვალისწინებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამიტის მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, აღადგინონ ნდობა და რწმენა ევროპის კონტინენტზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, იპოვოს და შექმნას საერთო ღირებულებებზე აგებული დემოკრატიული, სტაბილური გარემო, გააღრმაოს ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არავის წინააღმდეგაა მიმართული.

სამიტის მონაწილეები მყარად უჭერენ მხარს იმ ძალისხმევას, რომელიც უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისა და პრობლემების პოლიტიკური მოგვარებისკენაა მიმართული.

დეკლარაციაში წერია, რომ სამიტის მონაწილეები პატივს სცემენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ მინსკის ხელშეკრულებებს. ისინი მოუწოდებენ მძევლების დაუყონებლივი გათავისუფლებისკენ. მხარს უჭერენ ეუთოს მონიტორინგის მისიის მუშაობას უკრაინაში. მხარს უჭერენ ნორმანდიის ფორმატს და აფასებენ ბელარუსის ძალისხმევას მოლაპარაკებების წარმართვაში. სამიტის მონაწილეები მოუწოდებენ ყველა მხარეს, სრულად ითანამშრომლონ საერთაშორისო გამოძიებებთან, რათა განსაზღვრონ, ვინ არის პასუხისმგებელი თვითმფრინავ MH17-ის ჩამოგდებაში.

 

კომენტარები