ვიზალიბერალიზაცია

ბოკერია: მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური მომზადება ჩააგდო

გიგა ბოკერია
ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია უარყოფს ხელისუფლების მტკიცებას, თითქოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა წინა ხელისუფლებას თავის დროზე არ დაუწყია. როგორც ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რიგის სამიტზე წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით „ყველა ფრონტზე პროცესი ჩააგდო".

„პრემიერ ღარიბაშვილსა და მის უფროსს რომ მოუსმინოთ, მათი ოცნებები რომ ასრულდეს და კიდევ 2030 წლამდე რომ იყვნენ, კიდევ 30 წელი იძახებენ, რომ 40 წლის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაც ვერ ქნა და ამის ბრალია. სწორედ ეს განცხადებები არის ის უმძიმესი დიაგნოზი, რასაც ჩვენ ვხედავთ. რომ გვყავს მთავრობა, რომელიც ორიენტირებულია არა იმაზე, რომ იმუშაოს და შედეგები დადოს, არამედ ამ ტიპის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებებზე", - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლაზე, ისევე როგორც ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობის პროცესი დაიწყო წინა მთავრობის დროს. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს შესაძლებელი იყო, მიღებულ იქნა ვარშავის სამიტზე, ვიზა ფასილიტაციის ტექნიკური პროცესიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო, 2012 წელს კი, ხელისუფლების შეცვლამდე, უვიზო მიმოსვლაზე დიალოგი იყო დაწყებული.

„ასე რომ, ეს ფაქტობრივი ტყუილიც არის. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენივე დატოვებული გეგმით 2013 წლის ბოლომდე, ტექნიკურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, უნდა დამთავრებულიყო მუშაობის როგორც საკანონდებლო მხარე, ასევე აღმასრულებელი ფაზა. ეს ამბიციური გეგმა იყო, მაგრამ მინიმუმ კანონების მიღება მაინც ხო უნდა დაემთავრებინათ 2013 წლის ბოლომდე? ჩვენ ვნახეთ, რომ ეს პროცესი 2014 წლის ზაფხულამდე გაეწელათ. ამ სუფთა ტექნიკურ საკითხში ჩავარდნა ჰქონდათ იმიტომ, რომ უნიათოები არიან... თუ ტექნიკურ საკითხებზეც ჩავარდნა გაქვს და ვერ მუშაობ, იმ ბარიერების გადალახვა, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან , რთულდება და სწორედ ეს მოხდა" - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ ქვეყანა, რომელიც არის უღრმეს ეკონომიკურ კრიზისში, რომლის მოსახლეობა ღარიბდება, სადაც მთავრობა აცხადებს, რომ არ აქვს კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და ერთი მეორეს მიყოლებით დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყველა საღად მოაზროვნის თვალში შემდგომი კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა, სადაც კრიმინალი იზრდება და სტატისტიკის გაყალბებაა ამაზე პასუხი, სადაც პოლიტიკური დევნაა და ამაზე ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობს... ეს ფაქტორები ნებისმიერი დისკუსიისას ევროპულ დედაქალაქები დადებითად იმოქმედებს თუ უარყოფითად?"

ბოკერიას აზრით, მთავრობამ სათანადოდ არ იმუშავა საქართველოს პარტნიორებთან ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ასევე არ გამოიყენა შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შემდეგ გაჩნდა.

მისი თქმით, ევროპასთან წარმატებული ინტეგრაციისთვის საქართველომ კონსტიტუციური და დემოკრატიული გზით უნდა მოაგვაროს მის შიგნით არსებული პრობლემა, „რომელსაც ჰქვია სახელი და გვარი ბიძინა ივანიშვილი". „ამის შემდეგ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა გარეთ, რის უნარიც ამ მთავრობას საერთოდ არ გააჩნია", - განაცხადა ბოკერიამ.

 

კომენტარები