მსოფლიო რაგბის ალაფა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ალაფის გამარჯვებულია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 20-წლამდელთა ალაფის გამარჯვებულია. 24 მაისს, ლისაბონის ესტადიო უნივერსიტარიოზე ისტორიული მოგებით, ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა 2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა კანადელები ფაქტობრივად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით - 49:24. პირველი ნახევარი ილია მაისურაძის გუნდმა 24:7 მოიგო.

შეხვედრის მეორე ნახევარში სცენარი დიდად არ შეცვლილა - ქართველების გამართულ შეტევებს კანადელები ჯეროვნად ვერ იგერიებდნენ, თავად კი შეიძლება ითქვას, მხოლოდ პრესტიჟის ლელოებსა და საჯარიმო დარტყმებს ითვლიდნენ. ერთადერთი რაც შეიძლებოდა ბორჯღალოსნებს უკეთ გაეკეთებინათ, გარდასახვების უკეთ დარტყმა იყო, თუმცა რეზი ჯინჭველაშვილმა ამ კომპონენტში ნაკლებად საიმედოობა, მატჩის სხვა მონაკვეთებში შესანიშნავი თამაშით გადაფარა.

საბოლოო ჯამში, საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მხოლოდ დამსახურებულად კი არა, შესანიშავი რაგბით გაიმარჯვა და ქართული რაგბის ისტორიაში აქამდე მიუღწეველი შედეგი აჩვენა.

"ახლა ემოციები მძლავრობს, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ამ გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდით ამ შეჯიბრებისთვის, ბიჭებმა ძალიან ბევრი იშრომეს და მინდა მათ მადლობა გადავუხადო - მათ ასაკში, ამაზე უკეთეს შედეგს ვერ აჩვენებდნენ," - მატჩის შემდგომ განაცხადა საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ.

კომენტარები