საქართველოს პარლამენტი

ქადაგიძეს და ხადურს დღეს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტი

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს 2014 წლის ანგარიშს წარუდგენს. საპარლამენტო უმრავლესობა ლარის გაუფასურებაში პასუხისმგებლობას სწორედ ეროვნულ ბანკს აკისრებს. კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის თქმით, ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების შესაჩერებლად საჭირო ბერკეტები აქვს, რომლებიც ბანკმა არასრულად გამოიყენა. ბანკის ანგარიშს უკვე მოუსმინა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, რომელმაც ქადაგიძის უწყების მუშაობა უარყოფითად შეაფასა.

"ლარის კურსთან დაკავშირებით არის ბევრი შეკითხვა, აქვთ პარლამენტარებს და არა მხოლოდ მათ, ასევე ეროვნული ბანკის მისამართითაც იქნება გამოთქმული ეს მოსაზრებები. თვითკმაყოფილების ელემენტებს უფრო ვხედავ, ვიდრე საკუთარ წვლილსაც ამ პრობლემაში. პასუხგაუცემელი კითხვების გამო ალბათ ჩათვალეს, რომ არ შეიძლებოდა ანგარიშის დადებითად შეფასება", - თქვა მეჭიაურმა.

დღესვე ბიუჯეტის შესრულების სამი თვის ანგარიშს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც წარუდგენს. ფინანსთა მინისტრის თქმით, წელს ბიუჯეტის შესრულებას ლარზე უარყოფითი ეფექტი არ ექნება. თუმცა დაპირების საწინააღმდეგოდ, აპრილში მთავრობამ ბიუჯეტი დეფიციტურად დახარჯა, რის გამოც მიმოქცევაში დამატებით 110 მილიონი ლარი გავიდა. ეს კი, აპრილში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, ლარის გაუფასურებაში დამნაშავე მთავრობა და ხადურის უწყებაა.

"ჩვენი კითხვებიც ამაზე იქნება აქცენტირებული - რას და სად ხედავს გამოსავალს ამ შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო, რომელიც მთავარი პასუხისმგებელია იმ ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, რაღა თქმა უნდა, საინტერესოა ეროვნული ბანკის პოზიციაც ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კომისიებს, ეს უფრო მცდელობაა განტევების, გადაბრალების მექანიზმის მოძიების, რომ რამე სხვას დააბრალო. საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვისი მიზეზით არის ეს ეკონომიკური კრიზისი, რატომ ხდება ლარის დევალვაცია და მოსახლეობა სწორედ მათგან, ხელისუფლებისგან მოითხოვს კონკრეტულ გეგმას", - განაცხადა ვაშაძემ.

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის შემცირებამ გამოიწვია. ლარის გაუფასურების კიდევ ერთ მიზეზს ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა წარმოადგენს, რის გამოც ბაზარს ჭარბი რაოდენობით ფული მიეწოდება. 

კომენტარები