ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დადგინდა. ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 0.0017 თეთრით გაუფასურდა. ხვალ ერთი დოლარი 2.2790 ლარი ეღირება. ევროსთან მიმართებით კი ეროვნული ვალუტა 4.7 თეთრით გამყარდა, ხვალ ერთი ევრო 2.5005 ლარი ეღირება. გასული კვირის მანძილზე ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა კვირის ბოლოს გამყარება ისევ გაუფასურებით შეიცვალა. უკანასკნელ გამყარებას მთავრობის წარმომადგენლები და ეკონომისტები ტურისტული სეზონის გაძლიერებას უკავშირებდნენ.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. განვლილი თვეების მანძილზე ტურიზმი მცირდებოდა, თუმცა აპრილიდან მისი უმნიშვნელო 0.4%-იანი მატება შეინიშნება. 

ლარის გაუფასურება ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების შემცირებას უკავშირდება. საქსტატის მონაცემებით, წელს ექსპორტი სულ 26%-ით შემცირდა. ექსპორტთან ერთად იმპორტის მოცულობაც შემცირდა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას არ ელოდება. ქადაგიძე აქვე ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარი მაინც შეიძლება გაუფასურდეს, რადგანაც მოკლევადიან პერიოდში მასზე კიდევ სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ.

ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე უარესი გაცვლითი კურსი 1999 წლის 8 მარტს იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა.

კომენტარები