საქართველოს ეროვნული ბანკი

მაჭავარიანი: ხელისუფლება იმ ხეს ჭრის, რაზედაც ზის ფინანსური ინსტიტუტები

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შეცდომების დაშვებას აგრძელებს. დეპუტატმა საბანკო ზედამხედველობის სამსახურის საქართველოს ეროვნული ბანკისგან გამოყოფასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი შეაფასა. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ეროვნული ბანკის დასუსტება სურს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობა აგრძელებს შეცდომების დაშვებას და საპარლამენტო უმრავლესობა ამ შემთხვევაში. მუშაობა მიდის არა იმისკენ, რომ გამოსწორდეს ეკონომიკური მდგომარეობა და რამე ახალი გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უკეთესად იგრძნოს თავი, არამედ მიდის ბრძოლა, როგორც ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ. ჯერ წაართვეს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ეროვნულ ბანკს, ახლა უნდათ, რომ წაართვან საბანკო ზედამხედველობა და ამით, საბოლოო ჯამში, დაასუსტონ ეროვნული ბანკი, მაგრამ ისინი იმ ტოტს ჭრიან, რაზედაც ზის ეს ფინანსური ინსტიტუტები. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა ფიქრობდეს, როგორ ებრძოლოს უმუშევრობას, როგორ განავითაროს ექსპორტი, როგორ იფიქროს იმაზე, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, მათ არც თავისი გეგმა არ აქვთ და არც ჩვენი - ნაციონალური მოძრაობის გეგმის წაკითხვა და განცხორციელება არ უნდათ. ეს ნაბიჯი, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე თვეში უკან იქნება დასაბრუნებელი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული საბანკო სისტემა. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის სახელმწიფო ინსტიტუტებს და ახლა უკვე გადავიდა საბანკო სექტორის წინააღმდეგ ბრძოლაზე. ისინი ფიქრობენ, რომ ამით გააკონტროლებენ ბანკებს, რეალურად კი შეუქმნიან პრობლემას ქართულ ეკონომიკას", - თქვა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ საბანკო-საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო დამოუკიდებელი ორგანო იყო და ეროვნულ ბანკს ოფიციალურად 2009 წლის 1 დეკემბერს შეუერთდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოეყოს და ის ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდეს.

კომენტარები