სირიაში ბოლო ორ კვირაში ISIS-ის მებრძოლებმა 250 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

www.frontpagemag.com

სირიაში ბოლო ორი კვირის მანძილზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 250 ტყვე სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლის თქმით, 250 ადამიანიდან სულ მცირე 13 არასრულწლოვანი იყო. სიკვდილით დასჯილთაგან 150 ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლი, დასჯილთა ნაწილი ის პირები იყვნენ, ვისაც ბრალი კოალიციურ ძალებთან თანამშრომლობაში ედებოდათ.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ISIS-ის მებრძოლებმა ქალაქ პალმირაში 5 ექთანი სიკვდილით დასაჯეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიაში, დედაქალაქიდან 240 კილომეტრში მდებარე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უძველესი ქალაქი პალმირა მთლიანად დაკავეს. ქალაქი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის და მის ტერიტორიაზე მრავალი მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ძეგლი მდებარეობს. 

კომენტარები