მადრიდის რეალი

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ კარლო ანჩელოტი დაითხოვა

მას შემდეგ, რაც 2014-15 წლის სეზონში სამეფო კლუბმა ვერ შეძლო ვერცერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მოპოვება, კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი - იტალიელი კარლო ანჩელოტი თანამდებობიდან გადააყენა.

სპეციალისტმა რეალს ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეათედ მოაგებინა, მაგრამ ეს გასულ სეზონში მოხდა, წელს კი იუვენტუსთან ნახევარფინალური დაპირისპირებისას წარუმატებლობა იწვნია და ფინალშიც ვერ გავიდა. გარდა ამისა, მადრიდელები ლა ლიგა-ში მეორე ადგილს დასჯერდნენ, ტიტული კი მათმა მთავარმა მოწინააღმდეგემ - ბარსელონამ მოიპოვა.

"მინდა გაცნობოთ, რომ საბჭომ გადაწყვიტა პოსტიდან მოხსნას კარლო ანჩელოტი. რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ კლუბში მაღალი მოთხოვნებია, რადგან მადრიდის რეალს ყოველთვის სურს ტიტულის მოპოვება", - განაცხადა მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას იტალიელი მწვრთნელი და ასევე, რაც უფრო დიდი განსჯის საგანია პრესაში, თუ ვინ დაიკავებს მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტს. გამოცემები უკვე წერენ სავარაუდო კანდიდატების შესახებ, მათ შორის ნაპოლის დამრიგებლის რაფაელ ბენიტესის, დორტმუნდის ბორუსიას ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპისა და ზინედინ ზიდანის გვარებმა გაიჟღერა - შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი რეალ მადრიდ კასტილიას უდგას სათავეში.

კომენტარები