ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნადირაშვილი: პრემიერს ტყუილად აქვს იმედი, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. "გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ ერთ გუნდად თავის წარმოჩენას. შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.

ნადირაშვილის მოსაზრებით, პრემიერს ტყუილად აქვს იმედი, რომ "ქვეყნის დაქცევის გამო" პასუხისმგებლობას გაექცევა.

"კაცი, რომლის მმართველობის დროსაც ქვეყანა გაღარიბდა, მოსახლეობა გაღარიბდა, ეკონომიკა ჩამოიშალა, დღეს გაბრწყინებული სახით აკეთებს კომენტარებს ოპოზიციის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე. მას ტყუილად აქვს იმედი, რომ გაექცევა პასუხისმგებლობას ქვეყნის დაქცევის გამო, ვფიქრობ, რომ გაბრწყინებული და მოჭიმული სახე ახლა ამ სიტუაციაში არ არის ადეკვატური", - თქვა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა თანამდებობა, პოლიტიკურ პარტიასა თუ საქართველოს პარლამენტში, 25 მაისს დატოვეს. მიზეზებზე მათ დღეს ისაუბრეს.

კომენტარები