საქართველოს ეკონომიკა

უმუშევრობის დონე 12.4%-მდე შემცირდა, ვის და რატომ თვლის დასაქმებულად საქსტატი

yalt.crcna.org/

2014 წელს საქართველოში რეკორდულად დაბალი უმუშევრობა 12.4% დაფიქსირდა. საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1.74 მილიონს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით ერთი მილიონი თვითდასაქმებულია, 700 ათასი კი დაქირავებით დასაქმებული. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 5.2%-ით გაიზარდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი 0.2%-ით გაიზარდა.

სოფლად უმუშევრობის მაჩვენებელი 5.4%-ია, ქალაქად კი ოთხჯერ მეტი 22.1%, ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად მცხოვრებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ანაზღაურების, სხვა სარგებლის მიღების მიზნით მუშაობდნენ, დასაქმებულებად ითვლებიან. 

საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება 15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს. 

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს. 

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო. 

თვითდასაქმებულთა აბსოლუტური ნაწილი, ანუ დაახლოებით ერთი მილიონი ეკონომიკურად აქტიური მოქალაქე, სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. მათი შემოსავლები დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე მინიმალურია და ისინი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9.9%-ს ქმნიან, როდესაც დასაქმებულთა დანარჩენი ნაწილი, ანუ 700 ათასი მოქალაქე, მთლიანი შიდა პროდუქტის 90%-ს ქმნის. თვითდასაქმებულების გარკვეული ნაწილი უსასყიდლოდ ან ნატურისთვის მუშაობს, ანუ ისინი არ იხდიან გადასახადებს, რომლებსაც დაქირავებით დასაქმებულები იხდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ფორმირებაშიც უმნიშვნელოდ მონაწილეობენ.

საქსტატის მეთოდოლოგია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამება. 

კომენტარები