საქართველოს ეროვნული ბანკი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნულ ბანკზე მეჭიაურის ინიციატივას ეწინააღმდეგება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკისგან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ეწინააღმდეგება. საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკისგან საბანკო საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის საკითხზე ეკონომისტებს შეხვდა. აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინიციატივის წინააღმდეგია, რადგან ეს საბანკო სექტორს დააზარალებს. ასევე, გიორგი აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ 2014 წლის დეკემბერში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამჭვირვალე პროცესით წარადგინა.  

"საბანკო ზედამხედველობის ცალკე გამოყოფა კი ცვლის არსებულ მოდელს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ გადაწყვეტილებებზე, რომელი მოდელი უფრო თავისუფალია, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შერჩეული კანდიდატი თუ საპარლამენტო ფრაქციების, რომლებიც თავისთავად პოლიტიკური ჯგუფები არიან", - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი და აღნიშნავს, რომ თამაზ მეჭიაურის მომზადებული კანონპროექტის განხილვაში ბიზნესი არ მონაწილეობდა.

საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო შეხვედრაზე მყოფ ეკონომისტთა შორის. ეკონომისტთა ნაწილი იზიარებს ადამინისტრაციის მოსაზრებას და ამბობს, რომ ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა ზიანის მომტანი იქნება. მეორე ნაწილი კი ასეთ ცვლილებებს მიესალმება. ეროვნული ბანკიდან საბანკო საზედამხედველოს სამსახურის გამოყოფის ინიციატივა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის და მას პარლამენტში სავარაუდოდ მომავალ კვირას დაარეგისტრირებენ.

კომენტარები