ბიძინა ივანიშვილის როლი

ცქიტიშვილი: დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას, რომ ხელისუფლების მთავარ გამოწვევად არაფორმალური მმართველობა რჩება, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი არ იზიარებს. მისი თქმით, ქვეყანას ინსტიტუტები მართავენ.

"ვფიქრობთ და დარწმუნებული ვართ ამაში, რომ დღეს ინსტიტუტები მართავენ ქვეყანას და არა კონკრეტული პიროვნებები, როგორც ჩვენ ეს, სამწუხაროდ, გვქონდა. რაც შეეხება კოორდინაციის ნაკლებობას, ვფიქრობთ, რომ კოორდინირებულია მთავრობა, უწყებები მუშაობენ გამართულად. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ იყოს ყველაფერი უკეთესად და კიდევ უფრო უკეთესად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ შენიშვნას არ ვიზიარებთ", - თქვა ცქიტიშვილმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, ხელისუფლების მთავარ გამოწვევად არაფორმალური მმართველობა რჩება, რაც გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. ამის შესახებ მან მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ არასამთავრობოების კონფერენციის დაწყებამდე ისაუბრა. 

არაფორმალურ მმართველობას გამოწვევად მიიჩნევს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილიც. "რჩება სერიოზული გამოწვევები. მაგალითად, არაფორმალური მმართველობის ნიშნები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობის გადაწყვეტილებებზე ყოფილი პრემიერმინისტრის გავლენაზე, რაც იმედი გვაქვს, რომ დროსთან ერთად შემცირდება", - თქვა ხუციშვილმა.

კომენტარები