კორუფცია

ენმ: ივანიშვილის გამდიდრების ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტი კარგავს მილიონებს

გივი თარგამაძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კორუფციულ სქემაზე საუბრობს. როგორც გივი თარგამაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, კორუფციული სქემა, ერთი მხრივ, ბათუმის პორტიდან გადამზიდავების ხელოვნურ განდევნას და, მეორე მხრივ, ბათუმის ტერმინალის, ე.წ. ბათუმის პატარა პორტისთვის სასათბურე პირობების შექმნას ითვალისწინებდა. 

"დღეს წარმოგიდგენთ, როგორ იშოვა ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში და დავანგრევთ მის გამამართლებელ კლიშეს - "რას ერჩით ამ კაცს, იშოვნა ფული რუსეთში და ხარჯავს საქართველოშიო". ჩვენ განახებთ, რომ დღეს ის შოულობს იგივე სქემებით ფულს საქართველოში და უნაწილებს რუსულ კომპანიებს ანუ აბრუნებს ამ მადლს დედა რუსეთში. ეს არის კლასიკური კორფციული სქემა, რომელშიც მონაწილეობენ სახელმწიფო სტრუქტურები, სამინისტროები, პროკურატურა, სასამართლოები, რომლებიც უხეშად ერევიან კერძო ბიზნესში. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ ნათელ მიზანს, რომ კოლოსალური თანხები აცდეს სახელმწიფო ბიუჯეტს, პენსიონერებს, ექიმებს, მასწავლებლებს და გადაინაცვლოს ოლიგარქის ჯიბეში. ამ სქემაში მონაწილეობენ რუსული კომპანიები, საერთაშორისო აფერისტები, ოდიოზური ფიგურები.

ცნობილია, რომ ბათუმის პორტი ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის მფლობელობაშია, რომლის მმართველიც ყაზახური „ტრანსგაზოილია“. ბათუმის პორტი წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდა და სახელმწიფოს ბიუჯეტში მილიონობით ლარი შეჰქონდა. პრობლემები 2012 წლის დეკემბერში დაიწყო როდესაც პორტის მმართველად ტალგატ ბაიტაზიევი დაინიშნა. კერძო კომპანიაში საკადრო გადაწყვეტილებები ამ კომპანიის საქმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ერთი გარემოება - ბატონი ბაიტაზიევი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა არაღიარებულ „დნესტრისპირეთის რესპუბლიკაში“ და თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დნესტრისპირელ სეპარატისტებთან ერთად განხორციელებული კონტრაბანდისტული და კორუფციული ოპერაციების შედეგად მოიპოვა. ამ შემთხვევაში მთავრობას გააჩნდა ყველა ფორმალური და არაფორმალური ბერკეტები, რათა არ დაეშვა ისეთი სტრატეგიულ ობიექტის, როგორიც ბათუმის პორტია, მმართველად სეპარატისტებთან დაკავშირებული და საეჭვო რეპუტაციის მქონე პიროვნების დანიშვნა. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბატონი ბაიტაზიევი კორუფციული სქემის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ეს სქემა, ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის უშუალო მონაწილეობით ხორციელდებოდა. ბატონი ბაიტაზიევი საკუთარი კომპანიის გამკოტრებლის როლისთვის ერთადერთი შესაფერისი ფიგურა იყო. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს ბაიტაზიევს პრობლემები ყაზახეთშიც დაეწყო, სადაც დაიწყო ძიება დამნაშავეთა ჯგუფის წინააღმდეგ, რომელმაც ყაზახურ სახელმწიფოს ათობით მილიონი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა, ხოლო ბატონი ბაიტაზიევი ამ დაჯგუფების ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ყაზახეთში გამოძიების დაწყების შემდეგ ბატონი ბაიტაზიევი თავს ხსენებულ არაღიარებულ დნესტრისპირეთში და კვიპროსში აფარებს", - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ კორუფციული სქემა, ერთი მხრივ, ბათუმის პორტიდან გადამზიდავების ხელოვნურ განდევნას და, მეორე მხრივ, ბათუმის ტერმინალის, ე.წ. ბათუმის პატარა პორტისთვის სასათბურე პირობების შექმნას ითვალისწინებდა.

"ამ სქემის განსახორციელებლად ბათუმის პორტმა ექსკლუზიური კონტრაქტი გაუფორმა კომპანია ვაიბრო დიაგნოსტიკს, რომელიც პარალელურად ბათუმის პატარა პორტის მმართველი კომპანიაა. ვაიბრო დიაგნისტიკმა ბათუმის პორტში საკუთარი რეზერვუარები ააშენა და საქართველოს ბაზრისთვის არარეალურად მაღალი ფასები დააწესა. მეორე მხრივ, ბათუმის პატარა პორტმა საბაზროზე 25% დაბალი ფასების დაწესებით ტვირთების გადაზიდვაზე ფაქტობრივი მონოპოლია აიღო. ამის შემდეგ უკვე მზა სქემაში საინტერესო ცვლილებები ხდება:

  1. ვაიბრო დიაგნოსტიკის სათავო კომპანიის Vibro Diagnostic – F.Z.E-ს 70% რუსული კომპანია ლუკოილის გენერალური დირექტორის შვილის ოთარ ქათამაძის მფლობელობაში გადადის და ბატონი ქათამაძე ვაიბრო დიაგნოსტიკის დირექტორი ხდება;
  2. ლუკოილ-საქართველოში დირექტორის მოადგილედ ყოფილი პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილის წარმომადგენელი ოთარ ფარცხალაძე ინიშნება. ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვლმა პირადად დაურეკა ლუკოილის მფლობელ ალეკპეროვს და წარსულის დამსახურებისთვის ფარცხალაძის დასაქმება სთხოვა. თუმცა დღეს უკვე შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ, რომ ამის რეალური მიზეზი სწორედ კორუფციული სქემის შექმნა იყო. ფარცხალაძის როლი სასამართლო დავის დროს მოსამართლეებთან „ურთიერთობის დალაგება“ იყო;
  3. ლუკოილმა გადაზიდვები ფოთის პორტიდან ბათუმის ტერმინალში გადმოიტანა. როგორც აღვნიშნეთ, ამით მას ფასი შეუმცირდა, ხოლო ბიუჯეტმა მილიონობით ლარით იზარალა.

ყაზახურმა მხარემ ტალგატ ბაიტაზიევი მოხსნა დირექტორის თანამდებობიდან, თუმცა კაბალური ხელშეკრულების პირობები ვეღარ შეცვალა. უფრო მეტიც ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაიბრო დიაგნოსტიკის საჩივრის საფუძველზე ყადაღა დაადო (ამონარიდი განჩინებიდან):

1. ყადაღა დაედოს შპს "ბათუმი ტერმინალსის" (HE 184636) 100%-იან წილს შპს "ბათუმის ნავთობტერმინალში" (ს/კ 245432544).

2. ყადაღა დაედოს შპს "ბათუმის ნავთობტერმინალის" (ს/კ 245432544) მართვის უფლებას შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგურის" წილის 100%-ზე.

3. ყადაღა დაედოს შპს "ბათუმის ნავთობტერმინალის" (ს/კ 245432544) საკუთრაბაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ბათუმი, ქუჩა მაიაკოვსკი, №4, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 299 112.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №05.29.16.004.

გარდა ამისა, განჩინებაში სპეციალურად ჩაიწერა, რომ ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ ხელი არ უნდა შეუშალოს ვაიბრო დიგნოსტიკისა და ლიბრა თრეიდინგი FZC-ს საქმიანობას" - აცხადებს თარგამაძე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს განჩინების კვალდაკვალ, საქმეში ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ფინანასთა სამინისტრო ერევა, რომელიც ყაზახურ მხარეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.

"სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შედეგად ბათუმის პორტის დირექტორის თანამდებობაზე ზურაბ შურღაია ინიშნება, რომელიც კიდევ ერთი ოდიოზური, ამჯერად უკვე ქართველი, ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის კადრია. ამით ვანო ჩხარტიშვილმა თავისი წილი მიიღო კორუფციულ სქემის შემუშავებისთვის, იდეის მიწოდებისთვისა და მასში ოთარ ქათამაძის ჩართვისთვის. ივანიშვილის კლანის მიერ ბათუმის პორტის ხელში აღების შემდეგ სასამართლო დავა გარიგებით წყდება. ამ გარიგების შედეგად რუსული ლუკოილი და მისი შვილობილი ორი კომპანია საქართველოში საწვავის შემოტანის ფაქტობრივი მონოპოლისტები ხდებიან. სახელმწიფო რეკეტის საპასუხოდ, ყაზახურმა მხარემ უარი თქვა თავის მონაწილეობაზე საპარტნიორო ფონდში და მილიარდდოლარიან ინვესტიციაზე, რომელიც მათ საქართველოს ეკონომიკაში უნდა გაეკეთებინათ. და ბოლო შტრიხი - 2015 წლის 30 მარტს კომპანია ვაიბრო დიაგნოსტიკი მმართველობაში გადაეცა შპს "ჯიარ ტრანს-შიფმენთს", რომლის 100% დამფუძნებელი სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზაა. საქართველოს რკინიგზა კი უჩა მამაცაშვილის საკურატორო სფეროში შედის. სახეზეა ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ოლიგარქიულ-კორუფციული სქემა, რომლის საშუალებითაც მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად ივანიშვილის და მასთან დაახლოებული კლანის ჯიბეებში მიედინება. ერთი ადამიანის გამდიდრების ხარჯზე ბიუჯეტი კარგავს მილიონებს, ხოლო საქართველოს ეკონომიკა კი მილიარდებით ინვესტიციებს", - აცხადებს ენმ.

კომენტარები