FIFA-ს საქმე

FIFA-ს მაღალჩინოსნების დაკავებამ პუტინი აღაშფოთა

რუსეთის პრეზიდენტმა ფიფას მაღალჩინოსნების დაკავებით აღშფოთება გამოთქვა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ეს დაკავებები უცნაურია, რადგან დაპატიმრებული პირები არ არიან ამერიკის მოქალაქეები და საქმეს შეერთებულ შტატებთან შეხება არ აქვს. პუტინის აზრით, ეს არის ვაშინგტონის მცდელობა, ფიფას პრეზიდენტად ზეფ ბლატერის ხელახლა არჩევა არ დაუშვას.

დასავლური მედიის ცნობით, გამოძიების ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მინიჭებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებას ეხება. ციურიხში შვიდი პირის დაკავების შემდეგ, FBI-მ ჩხრეკა მაიამიში, ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ასოციაციის შენობაში ჩაატარა.

ამერიკის გენერალური პროკურორის განცხადებით, ბრალდება 14 პირს, 47 მუხლით წარედგინა, მათ შორის - მექრთამეობის, გამოძალვის, უკანონო თანხების ლეგალიზებისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში. დაკავებულთა შორისაა ფიფას ორი მოქმედი და ერთი ყოფილი ვიცეპრეზიდენტი.

კომენტარები