საარჩევნო კოდექსი

ბეჟაშვილი: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიზაციისა და პარტიული ცხოვრების განვითარებისთვის აიცილებელია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება. მისი თქმით, დღეს ყველა პარტია უჭერს მხარს რეგიონალურ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეას, გარდა ქართული ოცნებისა.

"აქტუალურია ის გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. თავისთავად, ის აუქმებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემას და ამ შემთხვევაში პარლამენტს მიმართავს, რომ მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ დღეს, ასე ვთქვათ, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს რეგიონალურ-პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერის სურვილი და ერთადერთი გამონაკლისი არის ქართული ოცნება, რომელსაც თავად ჰქონდა, თავიანთ პროგრამაში, რომ რეგიონალურ-პროპორციულ საარჩევნო სისტემას შემოიღებდა. დღეს მათ დაივიწყეს ეს პროგრამა და ასე ვთქვათ, ისევ ცდილობენ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებას გარკვეული მოდიფიკაციებით. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც განმსაზღვრელი უნდა იყოს ამ რეფორმისა, რომელსაც ჰქვია საარჩევნო სისტემის რეფორმა.“ - თქვა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კითხვაზე, ხომ არ გაართულებს ოლქების გადანაწილება მდგომარეობას, ბეჟაშვილმა უპასუხა, რომ პირიქით, ქვეყნის პარტიულ სისტემაში გადასვლა დაეხმარება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს.

„ზოგადად ჩვენ უფრო მკვეთრად ვაყენებთ საკითხს. ჩვენ საერთოდ ვფიქრობთ, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს და ქვეყანა უნდა გადავიდეს პარტიულ საარჩევნო სისტემაზე, რაც ქვეყანაში პარტიების ინსტიტუციონალურ სრულყოფას მოახდენს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.“- თქვა ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მუნუციპალიტეტებში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა, ხოლო სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, შეძლებისდაგვარად, თანაბარი საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები