FIFA-ს საქმე

Fifa-ს სკანდალი: ზეფ ბლატერი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

სამარცხვინო და დამამცირებელი - ასე შეაფასა Fifa-ს პრეზიდენტმა, ზეფ ბლატერმა Fifa-ს მაღალჩინოსნების უკანონო ქმედებები. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბლატერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პირები საფეხბურთო საზოგადოებაზე პასუხისმგებელ პირად მას მიიჩნევენ, მას თითოეული ინდივიდის გაკონტროლება არ შეუძლია. მისივე თქმით, მაღალჩინოსნების სამარცხვინო ქმედებები აქტიური ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე მიანიშნებს. ამის შესახებ ბლატერმა Fifa-ს ორდღიანი კონგრესის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ისაუბრა. 

"ბევრი ადამიანი საფეხბურთო საზოგადოების ქმედებებზე პასუხისმგებლად მე მთვლის. მე ყველას ერთდროულად გაკონტროლება არ შემიძლია. თუ ადამიანს ცუდი საქციელის ჩადენა უნდა, ის მის დამალვასაც ეცდება", - განაცხადა ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიაში კორუფციის ბრალდებით FIFA-ს მაღალი თანამდებობის ექვსი პირი დააკავეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ ბრალი უკანონო თანხების ლეგალიზებაში, გამოძალვასა და თაღლითობაში ედებათ. დაკავებულთა შორისაა FIFA-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეფრი უები.

იოზეფ ბლატერმა ციურიხში საზეიმოდ გახსნა ფიფას ორდღიანი კონგრესი, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდება დარჩება თუ არა ის მეხუთე ვადით ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე.

სკანდალთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს ფიფას სპონსორმა კომპანიებმა. ადიდასი, მაკდონალდსი, ჰიუნდაი, და ბუდვაიზერი ორგანიზაციას მოუწოდებენ, რეპუტაციის აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. საერთაშორისო საგადასახადო სისტემა–VISA ფიფას კონტრაქტის გაუქმებითაც კი დაემუქრა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები