საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი

ლეჟავა: არსებობს სურვილი, ბანკებზე დაწესდეს პოლიტიკური კონტროლი

ტაბულა/თეორემა

მე რეალურად ვხედავ იმას, რომ არსებობს სურვილი, ბანკებზე პოლიტიკური კონტროლი დაწესდეს - ასე შეაფასა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა, ვატო ლეჟავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის ინიციატივა ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის თაობაზე. ამის შესახებ ვატო ლეჟავამ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

ვატო ლეჟავას თქმით, თუკი ვინმე სავალუტო რისკების დროს ბანკების მიერ განხორციელებულ ოპერაციებში სპეკულაციას ხედავს, ამის დადგენა თავისუფლად შეიძლება იმ ინსტრუმენტებით, რაც ახლა არსებობს და ამისათვის პოლიტიკურად დანიშნული საზედამხედველო საბჭოს არსებობა საჭირო არ არის. 

"მე არ ვიცი საქართველოს კანონმდებლობა, სადაც გაცვლით კურსზე ოპერაციების გაკეთება კრიმინალიზებულია. სადმე კრიმინალიზებულია ის, რასაც ჩვენ პირობითად სპეკულაციას ვეძახით? ჯერ იმის ფაქტიც არ არის, რომ ეს ვთქვათ რაიმე სპეკულაციის შედეგი იყო ან რამე ნიშნები არსებობდა ამ სპეკულაციის და მეორე, რომც იყოს, ეს რამე დანაშაულია? არის სავალუტო რისკები და ადამიანები, მივდივართ და ლარს ვახურდავებთ დოლარში, თუ შენახვა გვინდა. თუ დახარჯვა გვინდა, დოლარს ვინახავთ და მაშინ ვახურდავებთ ლარში, როცა დახარჯვას ვაპირებთ. ჩვენ ვაზღვევთ ჩვენს სავალუტო რისკებს. ბანკებიც ამას აკეთებენ, იმიტომ, რომ ისინი გონივრულად იქცევიან.

თუ ამაში ვიღაცა ხედავს სპეკულაციას, ჯერ უნდა დადგინდეს ეს სპეკულაცია და არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურად დანიშნული საზედამხედველო საბჭო არსებობდეს, როგორც ახლა კანონპროექტშია შემოთავაზებული. ეს შეიძლება ჩვეულებრივად დადგინდეს იმ ინსტრუმენტებით, რაც ახლა არსებობს. მაგრამ მეორეც, რომ დადგინდეს, კრიმინალი სად არის? ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ალბათ სავალუტო კონტროლი უნდა დაწესდეს და ბანკებს ან გადასახადები დავუწესოთ, ან დავსაჯოთ, თუკი ისინი აპირებენ სავალუტო რისკების დაზღვევას. მე რეალურად ვხედავ იმას, რომ არის სურვილი, პოლიტიკური კონტროლი დაწესდეს ბანკებზე. ისე, როგორც ახლა კანონპროექტში ამ ინსტიტურის ფორმირებაა შემოთავაზებული, არავითარი ეჭვი ამის მიღმა არ არსებობს", - განაცხადა ლეჟავამ.

ვატო ლეჟავას თქმით, ბანკებზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების მექანიზმი კიდევ უფრო გააღრმავებს იმ პრობლემებს, რაც დღეს საქართველოს აქვს. მისი თქმით, ეს ინიციატივა უარყოფითად იმოქმედებს ლარის კურსზე და ამასთან ერთად, ინვესტიციების შემცირებასაც გამოიწვევს. 

"ბანკებზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების მექანიზმი როგორ და რანაირად იქნება გამოყენებული, ყველამ შეგვიძლია მოვიხმოთ ფანტაზია და წარმოვიდგინოთ. შედეგი უკვე არის და კიდევ უფრო გაძლიერდება ის, რომ საქართველოში რა პრობლემებიც იყო, ის პრობლემები გაღრმავდება. ამ გადაწყვეტილებით ლარის სიმყარე კიდევ უფრო შესუსტდება, ინვესტიციები კიდევ უფრო შესუსტდება, დეპოზიტარები, ვისაც ბანკებში ფული აქვთ შეტანილი, მათი რისკები გაიზრდება. ყველაზე კარგი მსაჯული, როგორი სისტემა გვაქვს საბანკო, არის ის, რომ ორი ბანკი -თიბისი და საქართველოს ბანკი - საფონდო ბირჟაზეა. საფონდო ბირჟაზე ვერ გავა ბანკი, თუ ის არ არის ჯანმრთელი ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული. ყველა ის, ვინც ფლობს მათ აქციებს, ამას გამადიდებელი მინით უყურებს. არავითარი ეჭვი აქამდე არავის არ გაჩენია, რომ საქართველოს საბანკო სისტემას, ზედამხედველობის თვალსაზრისით რაიმე დიდი ხარვეზი აქვს. არავინ არ ყოფილა ასეთი საქართველოს პარლამენტის გარდა, რომელმაც ეს ერთი კვირის წინ შეამჩნია", - განაცხადა ვატო ლეჟავამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკს საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტი, შესაძლოა, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად გამოეყოს. ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მზადაა. მეჭიაურის თქმით, ახალი სამსახურის 6 წევრს პარლამენტი შეარჩევს, მეშვიდე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება. დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილების მიზანი ეროვნული ბანკის დეპოლიტიზებაა და ახლა ბანკს ყოფილი ხელისუფლების პროკურორები მართავენ.

კომენტარები